საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო – ასეთი შედეგით დაასრულა საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელშიც 87 ქვეყნის 343 მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადა სინგაპურში დისტანციურად ჩატარდა.

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებზე მეტი ოქრო მხოლოდ ჩინეთმა (4), აშშ-მ (3), ირანმა (3) და რუსეთმა (3) აიღო. 2 ოქრო ასევე მოიპოვა იაპონიამ, კანადამ და კორეამ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიადაზე თითო ქვეყნიდან მაქსიმუმ 4 მოსწავლე მონაწილეობს და სასიხარულოა, რომ მედალი ოთხივე ქართველმა მოსწავლემ დაისაკუთრა: ნიკა ბირკაძემ და თემურ თოლორაიამ ოქროს მედლები მიიღეს, არჩილ ბასაძიშვილმა – ვერცხლი, ხოლო ლუკა მუშკუდიანმა – ბრინჯაო.

საბოლოო შედეგები ოცდასამ სექტემბერს გამოქვეყნდება.

„მსოფლიო ოლიმპიადებზე ინფორმატიკაში აღებული ოქროების რაოდენობამ 7-ს მიაღწია. აქედან 5 ბოლო 3 წელიწადში ავიღეთ. თუ დააკვირდებით, გაგვასწრეს მოსახლეობით ძალიან მრავალრიცხოვანმა ქვეყნებმა, სადაც ინფორმატიკა ასეულობით სკოლაში ისწავლება. ჩვენი შედეგი კი სულ 4 სასწავლებლის მუშაობის შედეგადაა მიღწეული. კომაროვი, “მზიური” (ოთხივე მოსწავლე კომაროველია და პარალელურად “მზიურშიც” მეცადინეობს), რაზმაძის და ვეკუას სახელობის სკოლები. ეტყობა, ბევრი ფიქრობს, რომ ეს ოლიმპიადები მხოლოდ შეჯიბრია და მეტი არაფერი. თუმცა სტატისტიკა სხვა რამეს ამტკიცებს. ინფორმატიკის ოლიმპიადებში აღზრდილი ახალგაზრდები დღეს მუშაობენ გუგლში, მაიკროსოფტში, ამაზონში და მსოფლიოს სხვა წამყვან კომპანიებში. ასეთები 50-ზე მეტია. აღარაფერს ვამბობ ქართულ კომპანიებზე, სადაც ათეულობით ჩვენი აღზრდილი პროგრამისტი მუშაობს. ვფიქრობ, რომ დროა სახელმწიფომ იზრუნოს პროგრამირების მასობრივ სწავლებაზე.“  – წერს სოციალურ ქსელში ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი.

წლევანდელი ოქრო ნიკა ბირკაძისთვის რიგით მესამეა ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებზე. ამ შედეგით იგი ყველა დროის 20 საუკეთესო მოსწავლეში შევიდა. მასზე მეტი ოქროს მედალი ინფორმატიკაში მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები