თურქეთში სამუშაოდ წასვლის ნებართვა ათასზე მეტმა პირმა მიიღო

საზღვრის გადაკვეთისა და თურქეთში შესვლის ნებართვა საქართველოს ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.

“თურქეთის რესპუბლიკაში საზღვრის კვეთის ნებართვის მოსაპოვებლად, განაცხადზე დადებითი პასუხი უკვე 1000-ზე მეტმა პირმა მიიღო. რეგისტრაციის და მოქალაქეებთან უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 600-მდე მოქალაქემ გადაკვეთა.” –  ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა უნდა გაიარონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე abroadworkers.moh.gov.ge, ან ვებ-გვერდზე foreignworkers.moh.gov.ge.

განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს.

განაცხადებას განიხილავს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი. მიუხედავად განკარგულებით გათვალისწინებული 7 დღიანი ვადისა, ამ ეტაპზე თურქეთში გასვლის მსურველებს შედეგის შესახებ პასუხი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით, არა უგვიანეს 48 საათის განმავლობაში მიეწოდებათ.

აჭარის დასაქმების სააგენტო მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში უანგაროდ ეხმარება. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე http://visit.hrajara.gov.ge/nebartva/  ან შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 1505, (0422) 24 78 82, (0422) 24 78 83.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები