აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ვილნიუსში “შინდისი” უჩვენეს 

რუსეთ-საქართველოს ომის მეთორმეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ვილნიუსის პრესტიჟულ კინოთეატრში-  „Forum Cinema“ შედგა მხატვრული ფილმის „შინდისის“ ჩვენება.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა და ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმში (პარლამენტში) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა საკუთარ სიტყვაში აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია და საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია 12 წლის შემდეგ კვლავ გრძელდება და ყოველდღიური ხასიათი აქვს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას, რასაც თან ახლავს ადგილობრივ მაცხოვრებელთა უკანონო დაკავებები და გატაცებები. ასევე აღნიშნა, რომ მაშინაც კი, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის  პანდემიის ნეგატიურ შედეგებს ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს თავის პროვოკაციულ ქმედებებს.

ამასთან, კინოჩვენების შემდეგ, საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ქართველი ფოტოხელოვან თამარ რობაქიძის ფოტონამუშევრების გამოფენა, რომელიც ასახავს ოკუპაციის შედეგებსა და იძულებით ადგილნაცვალი საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას.

 ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსნები, მედია-საშუალებების წარმომადგენლები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ქართული დიასპორა და სტუდენტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები