პირველი სილამაზის კონკურსის –  „მის მსოფლიოს“ ქართველი გამარჯვებულის ისტორია 

ეკატერინე თარხან-მოურავი მსოფლიოში პირველი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო. 1905 წელს პარიზში ყვავილების დღესასწაული იმართებოდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის ლამაზი თავადიშვილები მონაწილეობდნენ.

კონკურსის წესის თანახმად, გოგონები ყვავილებით მორთულ ეტლში უნდა მსხდარიყვნენ და ხალხით სავსე პარიზის ქუჩებში ჩამოევლოთ. ისინი თავად მართავდნენ ეტლს, რომელსაც ჩანთიანი გოგონები მისდევდნენ. მაყურებელს კი ჩანთებში ქაღალდი უნდა ჩაეგდო, სადაც მათი რჩეულის სახელი ეწერებოდა. ბუნებრივია, გამარჯვებული ის გახდებოდა, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებდა.

ქართველი თავადის 15 წლის ქალიშვილი, რომელსაც ცისფერი თვალები ჰქონდა და ცისფერი კაბა ეცვა, ცისფერი ყვავილებით მორთულ ეტლში იჯდა. ყველაზე მეტი ხმა სწორედ ეკატერინემ მიიღო და მსოფლიოს ლამაზ გოგონებს შორის გამარჯვებულიც ის გახდა. მეორე ადგილზე ავსტრიის პრინცესა გავიდა. გამარჯვების ნიშნად ეკატერინეს ბრილიანტისთვლებიანი გულსაბნევი გადასცეს.

ეკატერინე თარხან-მოურავი განათლების მისაღებად პარიზში 1903 წელს წავიდა. საქართველოში ოთხი წლის შემდეგ დაბრუნდა და სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად დაიწყო მუშაობა. ეკატერინეს ნოე ჟორდანიასთან კავშირშიც ადანაშაულებდნენ, მას ბათუმამდე გაჰყვა, მაგრამ ემიგრაციაში აღარ წავიდა. ეკატერინე ბრალდებას უარყოფდა და დაჭერის მოლოდინში გაატარა მთელი ცხოვრება. ეკატერინე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

წყარო: სფიჩი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები