24 ივლისს მწერალი სანდრო შანშიაშვილი დაიბადა

1888 წლის 24 ივლისს, სიღნაღში, სოფელ ჯუგაანში, მწერალი სანდრო შანშიაშვილი დაიბადა.

იგი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც ევროპული მოდერნიზმის თეორია შემოიტანა საქართველოში. ტიციან ტაბიძე მას თავის მასწავლებლად და სიმბოლიზმის ”აკვნის დამრწევად” მიიჩნევდა.

სანდრო შანშიაშვილი  სწავლობდა ციურიხში, ბერნში, ბერლინში და ბოლოს ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც 1914 წლამდე დარჩა. მან 1914 წელს  გაზეთი “საქართველო” გამოსცა. 1917 წელს ჟურნალ “მერანის” რედაქტორად, ხოლო 1927 წლამდე  ჟურნალ “დროშის” მდივნად მუშაობდა.  ქართული თეატრების სცენებზე წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები: “ბერდო ზმანია”, “ანზორი”, “ლატავრა”, “არსენა” და სხვა. მას ეკუთვნის 20–მდე ორიგინალური და 15–მდე ნათარგმნი პიესა. თარგმნა გოეთეს, შილერის, შექსპირის და პუშკინის ნაწარმოებები.

მისი ქალიშვილი, ლატავრა შანშიაშვილი წერდა: ”– 1979 წელს გარდაიცვალა მოხუცებულობისგან. მამა თავისი კალმით ბოლომდე ემსახურა თავის საყვარელ სამშობლოს. ხშირად სთავაზობდნენ, იუბილეს გადაგიხდითო, მაგრამ მამა უარზე იყო. მხოლოდ სამოცი წლის იუბილე გადაიხადა. მახსოვს, თბილისსა და კახეთში დიდი ზეიმი იყო. ქართველმა ხალხმა მამას ოქროს კალმისტარი აჩუქა, რომელიც დღემდე შენახული მაქვს. მასზე ასეთი წარწერაა: “დიდ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს სანდრო შანშიაშვილს, ქართველი ხალხისგან”. ჯუგაანში მამას სახელობის სკოლაც არის. მისი დასაფლავება მთაწმინდის პანთეონში უნდოდათ, მაგრამ მამას ანდერძი ჰქონდა დატოვებული, რომ დიდუბის პანთეონში დაეკრძალათ, რადგან დედაც იქ იყო დასაფლავებული. მამაჩემი რუსთაველის თეატრიდან გაასვენეს, როგორც მათთვის საყვარელი დრამატურგი და დედას გვერდით დაკრძალეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები