“თევზი თავიდან ყარსო, ნათქვამია – როდემდე უნდა იყოს ემიგრანტი ასე დაუცველი ?!” – ემიგრანტის წერილი

ლელა ლაჩაშვილი იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, რომელიც კიდევ ერთი წერილით ეხება იმ მძიმე პირობებს, რაც ქართველი ემიგრანტების დიდ ნაწილს უცხოეთში აქვს. ჩვენც თითქოს ვიცით, რა მძიმე ჯვარია ემიგრანტობა, მაგრამ ყოველთვის თუ არ გვახსენა ვინმემ, ღობის მორიგ ჩხირად გვიხდება სამშობლოსგან ათასობით  კილომეტრით შორს მყოფი ადამიანების გასაჭირი… 

“თევზი თავიდან ყარსო, ნათქვამია.

ამ ბოლო დროს მივხვდი, არ შემიძლია ემოციური ლექსები ვწერო, არ შემიძლია, დავამძიმო ისედაც ფსიქიკაშერყეული ემიგრანტები, (მომიტევეთ, ჩემს თავსაც მოვიაზრებ)…ერთი პერიოდი იუმორისტულ ჩანახატებზე გადავედი… ერთი-ორი დღე ანეგტოდებს ვდებდი აქ საერთო განწყობისათვის.

ვცდილობ, იშვიათად ვწერო იმიტომ, რომ ლექსში ვერ შეაკავებ ემოციას, რაც გაწუხებს. ზუსტად ის დაიწერება. არა და რა გაცინებს ადამიანს, როცა ირგვლივ ამდენი უბედურებაა. არც ის შემიძლია, სულელური ენთუზიაზმით აღვსილი ყალბ იდეებს ჩავეჭიდო და უარგუმენტოდ ვიქადაგო, რომ ეს გადაგვარჩენს.

თევზი თავიდან ყარს და კუდის მოჭრით არაფერი ეშველება. ხო და ვარ ასე გაურკვეველ მდuმარებაში… ვითომ ვერაფერს ვხვდები და არაფერი მესმის. რა სხვანაირი ჩანს აქედან ყველაფერი: ცრუ პატრიოტიზმით აღტყინებული პოლიტიკოსები, ყველგან ხეირს რომ ნახულობენ, მშვიდი და უმოქმედო საშუალო ფენა (თუ კიდევ არსებობს ასეთი) , უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე მყოფი ინტელიგენცია, “ხომ ვამბობდი” გამომეტყვლებით. ფეხის ხმას აყოლილი მასა, ყელის ჩახლეჩვამდე რომ ღრიალებს “გაუ მარრრრ ჯოს” და ჰგონია, საქმეს აკეთებს. ეკლესიაში გარეპილ-გალექსილი აღმსარებელ-მომღერალი, მათი მომხრეები და მაგინებლები. “რაც ერი, ის ბერიო” და არ მინდა, რამე წამომცდეს სამღვდელოებაზე თუმცა, ვაი, რომ ზუსტად იხდენს ამ გამონათქვამს.

თვალამოღამებული, ცასშემყურე ემიგრანტები, რომ ვეღარ ამოვიდნენ ოჯახების და ბანკების ვალებიდან და ახლა სახლში წასვლაც სანატრელი გაუხდათ. დავდებ აქ “იყიდება ბილეთები” – დიდ ტრაფარეტ ონლაინ გვერდს და სად და როგორ იყიდება, ეშმაკმა უწყის, თუმც,ა ალბათ სხვებმაც უწყიან, როგორ მოითბონ ხელი… ამდენი უმუშევარი დამსაქმებლების იმედად საპატიმრო კარცერებში ჩაყრილი. “არ ისაუბრო! არ დაიბანო! ქუჩაში არ გახვიდე! ” დაანერვოზებენ, დააჩმორებენ და შეიყვანენ მამასისხლად ნაყიდ სამსახურში ყურმოჭრილ მონად. “არ ჭამო! არ დაისვენო!  არაფერი მოითხოვო!” დაუქნევენ მუქარით თითს და თვის ბოლომდე არც შეეხმიანებიან, მერე მიაკითხავენ ფულის ჩასაჯიბებლად. როდემდე უნდა იყოს ემიგრანტი ასე დაუცველი ?! –  ვინც საქმე იცის, არ აკეთებს, ან არ აძლევენ უფლებას და დილეტანტების გაკეთებული ესაა, რაცაა. თანაც უგულო და ფულზე დახარბებულების! ჯობდა ისევ ლექსი დამეწერა. თევზი თავიდან ყარს – კუდის მოჭრით არაფერი ეშველება,  მაგრამ კუდის მომჭრელიც არავინაა ერთმანეთზე აქვთ გადაფსკვნილი და იმიტომ “- ლელა ლაჩაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები