დღეს მამუკა სალუქვაძის დაბადების დღეა

1955 წლის 17 ივლისს, პოეტ ანზორ სალუქვაძისა და კომპოზიტორ ინოლა გურგულიას ოჯახში დაიბადა  მამუკა სალუქვაძე.

ინოლამ შვილს ანდერძად დაუბარა: “მამუკა, დედი! შენ იცი, როგორ ლამაზად გამიგრძელებ და გამიხანგრძლივებ სიცოცხლეს. დედის დამარხვა ვაჟკაცის ვალია, შენ პირველი არ ხარ, გახსოვდეს. რა აზრი აქვს სხეულს და მძორს, როცა ჩემი სული შენში ცოცხლობს, ჩემი ათასი ფიქრი და გრძნობა შენში გრძელდება, სიცოცხლეო ჩემო. იყავ ბედნიერი მასთან, ვინც გიყვარს. იყავ ჩემსავით ხალისიანი, გიყვარდეს მამული შენი და იცოდე, რომ შენი ნიჭითა და კალმით დიდი ვალი გაქვს მის წინაშე. ნუ გეშინია, დედი! მე შენში ვარ და ამით შენთან ვარ მუდამ”. მამუკას მთელი ცხოვრება ამ ანდერძის შესრულებას ცდილობდა.

მამუკამ დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ასწავლიდა ფრანგულ ენას თბილისის 23-ე საშუალო სკოლაში.

ლექსების წერა 6 წლის ასაკიდან დაიწყო; 1975 წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას. 4 პიესა მის სიცოცხლეშივე დაიდგა სახელმწიფო აკადემიური თეატრების სცენებზე; 1992 წელს საქართველოში დაარსებული ლიტერატურული “პენკლუბის” ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო;

თარგმნა ჰიუგოს, კოპიეს, ნერვალის, ლეკონტ დე ლილის, ვერლენის, რემბოს ლექსები. ლიტერატურული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც. მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტში როგორც რედაქტორად, ასევე რეჟოსორად და გადაცემის წამყვანად; შემდეგ დოკუმენტური ფილმების სტუდია “მემატიანეში”, კინოსტუდია “ქართულ ფილმში”; 1993 წელს მისი იდეით შეიქმნა ორიგინალური ფორმის გაზეთი-კალენდარი “ორიონი”.

სიცოცხლის ბოლო წლებში იყო დამოუკიდებელი საინფორმაციო-სარეკლამო სტუდია “რენესანსის” ხელმძღვანელი. გადამღებ ჯგუფთან ერთად მოიარა მთელი საქართველო და გადაიღო დოკუმენტური ფილმი საქართველოს სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და სამეცნიერო პოტენციალის შესახებ. ფილმს უწოდა “არჩევანი”. 1978 წელს მთავარი როლი ითამაშა რეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმში “მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა”.

„უცებ გაჩერდა წისქვილის ქვა. დავიღალეო … – თქვა.’…

მამუკა სალუქვაძე  1997 წლის 3 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები