“12-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, საბოლოოდ დავიბრუნეთ დედა” – ბექა ხუცურაული

იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალბატონი, 12-წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი შვილი, ბექა ხუცურაული წერს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ემიგრანტის დაბრუნებაში წვლილი შეიტანა. 

“ვმადლობ ღმერთს, რომ ჩემი დიდი ხნის სურვილი ავისრულე და გუშინ, 12-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, მე და ჩემმა ძმამ და ოჯახმა, საბოლოოდ დავიბრუნეთ დედაჩემი.. (ჯერ კარანტინშია, ფოტო ძველია). საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია, რადგან ბოლო ექვსი თვე ველოდით შედარებით მარტივად დაბრუნებას, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ახლაც ვერაფერს ვიზამდით ჩვენ, რომ არა ეს ღვთისნიერი ადამიანი, თავის საქმის პროფესიონალი და უკვე ძალიან ძვირფასი ჩვენი ოჯახისთვის და დარწმუნებული ვარ, არა მარტო ჩვენი ოჯახისთვის – ბატონი ილია მარჯანიძე… მან თავად დაგეგმა და მოიძია ყველა გზა დედაჩემის დასაბრუნებლად და ვიდრე ორი დღე და ღამე დედაჩემი მგზავრობდა (პანდემიის გამო, ეს გზა საკმაოდ რთული გასავლელი აღმოჩნდა) ყოველ წუთს იყო ხაზზე და განსაკუთრებით გერმანიის და ავსტრიის ტერიტორიაზე გვეხმარებოდა ყველა პრობლემის მაღალ პროფესიონალურ დონეზე გადაწყვეტაში. ალბათ ვერასდროს გადავიხდი ასეთ ყურადღებას და პატივისცემას! ახლა უკვე თამამად ვიტყვი – დიდი მადლობა, მეგობარო! შენი წყალობით დღეს დედაჩემი და ჩვენ, ყველანი ბედნიერები ვართ! მადლობას ვუხდი, ასევე ორ ძვირფას ადამიანს და მათ მეუღლეებს, რომლებიც დახვდნენ დედაჩემს მიუნხენში და ვენაში და სიყვარულით უპატრონეს. ასევე ყველას დიდი მადლობა, ვინც დაგვეხმარა, ვისაც გაუხარდა, რომ დაბრუნდა, ვინც დალოცა და კეთილი გზა უსურვა… ყველას! რა თქმა უნდა, იმ ხალხს დიდი მადლობა, ვინც 12 წელი ცივ ნიავს არ აკარებდა იტალიაში დედაჩემს და წამოსვლისას მთელი ქალაქი რომ მოაცილებდა, იმ სიყვარულისთვის დიდი მადლობა! ღმერთმა ყველას მოგვცეს ჯანმრთელობა და ბედნიერება! ვისურვებ, ყველა ემიგრანტი მალე დაბრუნებულიყოს მშვიდობით და სიმრთელით სამშობლოში”- წერს ბექა ხუცურაული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები