“რა მძიმე  ჯვარი ყოფილა თურმე სატარებლად ემიგრანტობა” – ემიგრანტის წერილი 

ქართველი ემიგრანტის, ნათია ლაზიშვილის ჩანახატი ბევრი ემიგრანტის ტკივილს გადმოსცემს – იმ მონატრებასა და ნოსტალგიას, რომელიც თითოეულ ქართველს აქვს უცხოეთში და ამბავს იმის შესახებ, მართლაც რა მძიმე ჯვარია ემიგრანტობა. 

” -ემიგრანტი ხარ? -თითქოს ჩურჩულით მკითხა ჩრდილში მდგომმა ატირებულმა ქალმა. ის უიმედო, ცრემლიანი თვალებით, მისჩერებოდა ცას და უცნაური ინტერესით უცქერდა ერთ წერტილს თითქოს რაღაცის დანახვას ლამობდა, სიჩუმე გაგრძელდა წამები,ორივე ვდუმდით…. ჩემმა ჩახველებამ არსებული სიჩუმე დაარღვია,
-კი. ისე მიპასუხა თვალი არ მოუშორებია ცისთვის.სიგარეტი ამოიღო და მომაწოდა.
-არა არ ვეწევი! ვუპასუხე.
მერე ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლიანი თვალები შეიმშრალა.
-უკაცრავად! ვერა ვარ კარგად, დაღლილი ვარ,მომიტევეთ… მიპასუხა მოკრძალებული ტონით.

ჩემი ყურადღება მკლავზე ლამაზმა სვირინგმა მიიქცია,სადაც სამი მერცხალი და შიგნით ქართლი ასოებით იყო ნაწერი.
-;ენატრებით დედას;

-არა, როგორ გეკადრებათ?
-ემიგრანტი ხართ თქვენც? მკითხა ისევ
-დიახ.
-ეეჰ? რაოდენ ჯვარი ყოფილა თურმე სატარებლად ემიგრანტობა.
-ჰო, ასეა. ქალი ფიქრს მიეცა მერე თითებში მოქცეული სიგარა ტუჩებზე მიიკრა და ერთი ღრმად ნაფასი დაარტყა.
სიგარეტის ბოლი სახეზე ეფერებოდა მერე სივრცეში და დაღლილ მზერაში იკარგებოდა.
თვალებზე ცრემლები უწყვეტად მოედინებოდნენ და ღაწვებზე გაჩენილ შრეებში ჩერდებოდნენ.
იქვე ახლოს სკამზე მიმითითა, წამოდი, ჩამოვჯდეთო. დაღლილი ბარბაცით წავიდა სკამისკენ,მეც გავყევი.
_ თითქოს გულში დიდი ლოდი მედო და მინდოდა, ნიკოტინით დამემსხვრია იგი – მითხრა და ნახევრად ჩამწვარი სიგარა ფეხით დასრისა.
– ეეხ ჩემ სამშობლოში სხვაგვარად ყვავის ტყემალი, ახლა ჩემს ეზოში ნარცისებია, ბევრი სულ ბევრი ძალიან ბევრი.
_ჰო – ვუპასუხე და დასტურად თავი დავუქნიე.
_ იცი როგორი ლამაზი ეზო მაქვს? ლამაზი, სულ გადაყვავილებული, იქ ყველაფერი თბილია… სხვანაირია,
ვხედავ მე მას სიზმარში და ვიცი, რომ ესეა….
_ შენ ხედავ სიზმარში?
_ კი ვხედავ.
_ შენი ეზოც ასეთი ლამაზია ხომ?
_ კი ძალიან ლამაზია ჩემი ეზოც.
_ ჰოო, საქარველოში ყველაფერი ლამაზია – თქვა და ატირდა. ყელში ბურთივით გამეჩხირა სუნთქვა გამიჭირდა, თითქოს ჩემზე საუბრობდა ეს უცხო ახალგაზრდა ქალი.

ვუსმენდი და ვტიროდი მეც. ჩემს ფიქრებში ახლა ჩემს ეზოში ჩემი შვილები სხედან –  დიდი სკამი გვიდგას….ადრე პატარები თამაშობდნენ, როცა დავტოვე საქართველო. დღეს იქ აღარავინ თამაშობს,არც არავინ დადის.

-რატომ?-ვკითხე
_ დაკეტილია სახლი. ქმარმა სხვა გაიცნო,მიატოვა ბავშვები და წავიდა იმ ქალთან. ბავშვებს დედა უვლის, სანამ წავალ. სახლი მინდა რომ დავიხსნა.
_ ანუ ბანკის ვალი გაქვს?
_ ჰო და საკმაოდ დიდი ვალი.
წამი ისევ სიჩუმეა ქუჩაში მოძრაობენ მანქანები… ზოგს სად მეჩქარება ზოგს სად. სიცოცხლე ჩქეფს…ტკბებიან სიცოცხლით ადამიანები. ჩვენ კი ეს ორი ემიგრანტი ქალი, დედა სამშობლოს და ოჯახს მონატრებული ვხეტიალობთ ფიქრში და ნოსტალგიით და უსასრულო ლოდინით დაღლილი ხავსს ვებღაუჭებით.
-ეხლა საქართველოში ლამაზი გაზაფხულია, იქ სხვანაირი გაზაფხული იცის….რა ლამაზია საქართველო არაა?
_ ეჰ, როგორი სურნელოვანია,ჩვენი მიწა არა?
_ ჰო.
_ ჩვენი სამშობლოს ჰაერი რა საოცარია არა?
ხმის ამოუღებლად ვუსმენდი ის კი შეუსვენებლად…ხმადაბალი ხმით, ტირილნარევი ტონით საუბრობდა და საუბრობდა , ისე, რომ არც კი გაჩერებულა. დაუღალავად საუბრობდა. ყვებოდა და შორი მანძილიდან ასე ეფერებოდა მის შვილებს, მის სახლ-კარს მის მშობლიურ მიწას, ნოსტალგიით და მონატრებით დაღლილი ქალი, რომელიც ასე უცნაურად, არეულად საუბრობდა.

-უცებ, ისევ სიჩუმემ დაისადგურა, ორივე გავყურებთ უსასრულო სივრცეს,უსასრულო და უკიდეგანო ზღვას, რომელიც ბობოქრობს, ერთმანეთის მიყოლებით ეხეთქებიან ტალღები ერთმანეთს… მზე ჩადიოდა ,შებინდებას ცოტაღა აკლდა. თითქოს მზე იძირებოდა ზღვის სიღრმეში. თითქოს როგორ ნელნელა ყლაპავდა ზღვა, მზის სხივის ანთებული კაშკაშა შუქურას.

-ამ ზღვის იქით შორს, მაგრამ მაინც ხომ საქართველოა?….თქვა და ისევ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო ქართული ინიციალებით და თვალებზე ცრემლი შეიმშრალა.

-ჰოო, საქართველოა! არც თუ ისე დამაჯერებლად გამომივიდა პასუხი,  თუმცა მაინც ვუპასუხე. მისი რეაქცია იყო ჩეულებრივი და როდესაც მივხვდი, აღარ გამკვირვებია….ძალიან მტკივნეულად ამოიოხრა, ტუჩებს გამუდმებით იკვნეტდა,ნერვული მიმიკებით ეცვლებოდა სახის ნაკვთები. დანაოჭებულ სახეზე ცრემლები მოედინებოდნენ ნაკადულის პატარა ღარასავით….

-პასუხს არც დავლოდებივარ, ისე დავუსვი კითხვები ერთმანეთის მიყოლებით; თუმცა არც ერთზე არ გაუცია პასუხი:
_ რამდენი წელია, ხარ ემიგრანტი? ისევ ვკითხე ახალგაზრდა ემიგრანტ ქალს, არ ვეშვები.
– ბევრი! -მოკლე პასუხით მომიშორა თითქოს და სიგარეტის კოლოფს შეხედა.

_ სიგარეტს კიდევ მოვწევ ერთს,
-ჰო მარა ახლახანს არ ჩააქრეთ? და დასრისეთ ათი წუთის წინ. ბევრს ეწევით.
_ჰო,ვიცი მაგრამ…ეხლა მინდა, რომ მოვწიო,
-კარგი.
-მინდა ფიქრებიდან ცოტა დავაღწიო თავი. მინდა ნიკოტინმა მოკლას ჩემში ნაღველი და დარდი.
თქვა და ხმამაღლა აქვითინდა. ცოტა ხანს ასე გაუნძრევლად ვიდექით, ორივე ერთნაირად მივათრევდით ამ ჯაფასა და ტვირთვას საფიქრალით. თითქოს ჩემი სულის ორეული იყო. თვალს ვაპარებდი ჩუმად და ვხედავდი როგორ ნერვიულად ხაზავდა ფეხით მიწას.

-იციი? მე ჩემს ეზოში საქართველო მაქვს…..მართალია, ის იტალიის მიწაა, იტალიის ეზოა, მაგრამ! მე ქართულად გადავაკეთე.
– მართლა? რა კარგიააა….ლამაზი იქნება. წარმოვიდგინე უკვე, რადგან საქართველოა, ესე იგი უდავოდ ლამაზი იქნება- ვუპასუხე.

_ ჰო, ჩემს ეზოს დავამსგავსე ასე ცოტას ვიადვილებ აქ ყოფნას. დროშაც მაქვს და ბევრი ქართული ნივთიც.
_მართლა? როგორი ლამაზი იქნება, უკვე ვხვდები.
_ჰო. როდის ბრუნდები შენს სამშობლოში?კითხვა მოულოდნელი იყო უცებ ფიქრებიდან სწრაფად გამოვერკვიე.
-მე? ზაფხულში.
-მართლა? საქართველოს ჩემს მაგივრად მოეფერე, კარგი?!
-კარგი!.
-და ჩემს მაგივრად ჩაისუნთქე მისი ღვთიური ჰაერი! კარგი?
-კარგი!.
_…ჩემს მაგივრად აკოცე, ჩემს მშობლიურ მიწას!… კარგი?
_ კარგი. ჩემს მაგივრად დაუყარე მტრედებს საკენკი!.
-კარგი! ემიგრანტი სამშობლოზე მონატრებულ დანაბარებს როგორ არ გავაკეთებ?! ჩემ წილს…თქვენ წილს,და ყველა სამშობლოსგან მოწყვეტილი შვილების წილს სიყვარულით მოვეფერები მშობლიურ მიწას- საათს დახედა…

_მე უნდა წავიდე_ თითქოს რაღაც გაახსენდაო,დამემშვიდობა და აჩქარებული ფეხით ქუჩას აჰყვა.
ვუცქერდი მანამ, სანამ შორ სივრცემ არ შთანთქა, მისი აჩრდილი.

ისე წავიდა, რომ არც სახელი მითხრა, არც ვინაობა და არც ის, სად იყო ქართულად გადაკეთებული ეზო, რომელსაც პატარა საქართველო დაარქვა.
ბევრი კითხვები,უპასუხოდ – ყოველი კითხვის პასუხი მხოლოდ მისი სასოწარკვეთილი მზერა იყო.”- ნათია ლაზიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები