,,ქართული კვირა“ და „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ურთიერთთანამშრომლობას იწყებენ

,,ქართულ კვირასა“ და ფონდს „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ შორის, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციულმა დირექტორმა ანა ჩანგიანმა და ფონდის დამფუძნებელმა თიკა სვანიძე ვენკომ.

ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“  2019 წელს საქართველოში დაფუძნდა. მისი მთავარი მიმართულება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაბნეული ქართველებისა და დიასპორული ორგანიზაციების  გაერთიანებაა და მათი ჩართვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სოციალურ პროცესებში. ფონდის მიზნებში გამორჩეული ადგილი უჭირავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემატიკასაც (არსებული პრობლემის წინ წამოწევა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ მოზარდებში, ახალგაზრდებში და ასევე უცხოელებში).

თავისი საქმიანობის სფეციფიკიდან გამომდინარე, ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან,  საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საქართველოს საელჩოებთან,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან, მრავალ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

,,მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა დაიწყო. „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა ემიგრანტებისთვის. ფონდის დამფუძნებელი ქალბატონი თიკა სვანიძე ვენკო ქართული დიასპორის აქტიური წარმომადგენელია და წლების განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ქართული კულტურის და საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა. ამჟამად, ის ნიდერლანდების სამეფოში ცხოვრობს, სადაც მის მიერ დაფუძნებული დიასპორული ორგანიზაციის „ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის“ მრავალი საინტერესო და მაშტაბური პროექტის ავტორია,“- ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ ანა ჩანგიანი, მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციული დირექტორი.

თიკა სვანიძე ვენკო,  „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ დამფუძნებელი: „მიგვაჩნია, რომ ისეთი საინფორმაციო პორტალის ფუნქციონირება,  როგორიც „ქართული კვირაა“, მნიშვნელოვანია ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული დიასპორული ორგანიზაციებისთვის და უბრალოდ ემიგრანტებისთვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პლატფორმა მნიშვნელოვან და საინტერესო  ინფორმაციას იძლევა იმ ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც დიასპორულ პროექტებზე მუშაობენ.

სწორედ ამიტომ,  ჩავთვალეთ საჭიროდ, ჩვენც ვითანამშრომლოთ ამ პლატფორმის ფარგლებში, რაც საშუალებას მოგვცემს ფართოდ გავავრცელოთ ინფორმაცია ჩვენი ფონდის აქტივობების და პროექტების შესახებ. დიასპორული ორგანიზაციების სოციალური, კულტურული და პოლიტიკური აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღება და გაზიარება ერთ ვირტუალურ სივრცეში, იძლევა საშუალებას, რომ დამყარდეს ახალი კავშირები დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. რადგან ეს თემატიკა ჩვენი ფონდის პრიორიტეტულ მიზნებს მიესადაგება, ვფიქრობთ, ჩვენი ჩართულობით შესაძლებელი იქნება ახალ პარტნიორებთან და ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებთან ურთიერთთანამშრომლობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები