ჩუმად გაკეთებული სიკეთე

ჩვენი ადამიანები – ადამიანები, რომელთაც ჩუმად შეუძლიათ სიკეთის კეთება, ადამიანები, რომელებიც ამისთვის მადლობას არ ითხოვენ, ადამიანები, რომელთაც ეროვნება არ აქვთ, ისინი უბრალოდ ადამიანები არიან და მათ სიკეთეს განსაკუთრებულად შეიგრძნობ, როცა შენი მიწა – წყლიდან შორს ხარ. დღეს ქართველი ემიგრანტი ხათუნა შარაძე სწორედ ასეთ ადამიანზე გვიამბობს.

„კარანტინი დასრულდა თუ არა მარიამს მასწავლებელი ავუყვანე. ბუნებრივია, რომ კარანტინის პირობებში, მე ვერ შევძლებდი, ჩემ პირველკლასელ გოგონას სრუფასოვანი ცოდნის მიღებაში დავხმარებოდი, რადგან თავადაც ვერ ვფლობ ენას სრულფასოვნად.

მოკლედ, კარანტინი დასრულდა 4 აპრილს და მარიამმა მასწავლებელთან სასკოლო საგნების მომზადება მეორე დღესვე დაიწყო.

მე და მასწავლებელი შევთანხმდით, რომ სწავლის საფასურს ყოველი კვირის პარასკევ დღეს გადავიხდიდი.

მოვიდა პარასკევი და მივაწოდე მასწავლებელს 50 ევრო. არაო, თქვენი ფული უკვე გადახდილიაო. ახლა წარმოიდგინეთ, მე რომ საქართველოში ჩამოსვლით უკიდეგანო სიხარულს მივიღებ, დაახლოებით ასე გამიხარდა ეს ამბავი, რადგან, ცოტა არ იყოს და კრიზისი გვაქვს ბიუჯეტში,  ვინ გადაიხადათქო? ვერ გეტყვითო, ასე მითხრა არ უთხრაო! ძალიან ვთხოვე და მითხრა, ვინც გადაიხადა…

მოვიდა მეორე პარასკევი და იგივე განმეორდა… მერე კიდევ განმეორდა და მარიამის ატესტატში ნიშნებმაც აიწია. (გუშინ მივიღეთ მეორე სემეტრის ნიშნები)…

ამ ქალს ფრანჩესკა ქვია. მე ოთარაანთ ქვრივს ვეძახი. მადლობის მოსმენაც არ უყვარს. ჩუმად, თავისთვის გაივლის, გაისიკეთებს, გაისიგრძეგანებს შენს გასაჭირს, არ მოგეფერება, არ დაგიყვავებს, უბრალოდ ადგება სიკეთეს შეუმჩნევლად გაგიკეთებს, თითქოს არაფერიო. შეგიყვარებს გულით და სანაცვლოდ არაფერს მოგთხოვს!

ფრანჩესკას, ერთ დღეს, ერთ მთლიან ამბავს დავუთმობ, რადგან ჩვენი მეგობრობა სხვა გზიდან იღებს სათავეს. ფრანჩესკაზე ნამდვილ ამბავს, მაშინ მოგიყვებით, როცა საკუთარ თავთან გავიმარჯვებ.

ჩემი პოლარული იტალია. მე ის იტალია მიყვარს, რომელიც როზასგან, ფრანკოსგან, დანიელასგან, ფრანჩესკასგან, პატრიციასგან, ელიასგან, რიტასგან, ანასგან, მარასგან შედგება…

ესენი, ჩემი ადამიანები არიან. მე, მათდამი გადაუხდელი ვალი დამეკისრა, რადგან რაც მე მჭირდება იმ საჭიროებით, მათ ვალს ვერ გადავიხდი. უბრალოდ, მათთვის მხოლოდ ლოცვა შემიძლია!“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები