“ძვლებიც კი ჰფიქრობს საქართველოზე”- მაისობა ლევილის მამულში

საქართველოს დესპანი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი, ლევილის ქართველთა მამულში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

მაისობა ლევილის მამულში. ეროვნული დამოუკიდებლობის დღის მოლოდინში ისე ყვავის ეს ქართული ვარდი, ისე გადაპენტილა და ყვავის, რომ ჰა!

ბებო გამახსენდა, ამ ვარდისგან მურაბას აკეთებდა და მერე ტრაბახობდა, მურაბებში კაკლისა მეფეა და ვარდისა დედოფალიო! ლევილში ბუნებრივად გაგახსენდებათ წინაპრები.

კარგი ქართველები, გულით წამოღებული დამოუკიდებელი საქართველო, მისი სიყვარული და მონატრება აცოცხლეს ვიდრე სული ედგათ, ეხლა აქედან ორ ნაბიჯზე ერთერთ საფლავს (კოკი დადიანის) აწერია : “ძვლებიც კი ჰფიქრობს საქართველოზე”.
წელს სიჩუმე გვაპატიონ და სულ მალე ისევ ავაჟრიამულებთ ქართულ მამულსა და კარმიდამოს”

ლევილის მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ — 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მათი მიზანი მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა.

პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამული საქართველოს 2016 წელს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები