საგრანტო კონკურსი ემიგრანტებისთვის

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე, რომელმაც განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში იწყებს საგრანტო პროექტს, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის ადგილზე ქმედითი დახმარების გაწევა.

„პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი  ის პროექტები, რომლებიც კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებასა და აგრეთვე, მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრების უფლება. საგრანტო განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: grantebi@mfa.gov.ge“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები