“ემიგრანტები ემიგრანტებისთვის – ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთად დავამარცხებთ უხილავ მტერს”- ინა ასანიძე

რამდენიმე ქვეყანაში ქართული დიასპორების თაოსნობით კრიზისცენტრები შეიქმნა, რომლებიც მხარში უდგანან ქართველ ემიგრანტებს, ეხმარებიან მათ როგორც კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებების მიღებაში, პანდემიით გამოწვეული სხვადასხვა ყოფითი პრობლემის გადაჭრაში. დღითი დღე იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სხვადასხვა გზით ჩაერთონ ცენტრების საქმიანობაში, ისევე როგორც რიცხვი მათ მიერ გადარჩენილი ადამიანებისა. 

Inna Asanidze-ს ფოტო.

სწორედ ამის შესახებ ყვება აშშ-ში კრიზის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ინა ასანიძე:

#სიკეთეგადამდებიაემიგრანტებიემიგრანტებისთვის!

დავფიქრდით, შევთანხმდით, შევაჯერეთ, გადავწყვიტეთ და ჩამოვაყალიბეთ ,,კრიზის ცენტრი – ამერიკა”. გუნდმა შექმნისთანავე აქტიური მოქმედება დაიწყო მოულოდნელად აფეთქებული პანდემიით დაზარალებულ ჩვენს თანამემამულეთა დასახმარებლად. უამრავი ზარი, თეთრად გათენებული ღამეები, ფიზიკური თუ მორალური თანადგომა 24 საათის განმავლ0ბაში, – ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც კრიზის ცენტრის გუნდი გულმოდგინებით და ერთგულებით ართმევს თავს.

შექმნის დღიდან აღნიშნულ ორგანიზაციას დღითიდღე ემატება დახმარების მსურველთა რაოდენობა. ზოგს მედიკამენტები, ოქსიმეტრები, ჰიგიენის საშუალებები მიაქვს დაინფიცირებულ მოქალაქეებთან, ზოგი საკვებ პროდუქტებს აწვდის მაღალი რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებს, რომელთაც სახლიდან გარეთ გასვლა არ შეუძლიათ, ზოგს საავადმყოფოში გადაჰყავს ინფიცირებულები საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, ზოგი კი – დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მორალურად გვერდით უდგას გაჭირვებაში ჩავარდნილ ჩვენს თანამემამულეებს.

ემიგრანტი ექიმების და ფსიქოლოგების გუნდის მიერ სწორად მიმართულმა მკურნალობამ არაერთი ჩვენი თანამემამულე იხსნა ჯანმრთელობის გაუარესებისაგან. დღითიდღე იზრდება კრიზის ცენტრის დახმარებით გამოჯანმრთელებული ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა. მადლიერი ემიგრანტები უდიდეს სითბოს და სიყვარულს უგზავნიან იმ ადამიანებს, რომლებიც მათ გვერდით დაუდგნენ ამ ურთულეს პერიოდში.

თანადგომა, დახმარება, წინააღმდეგობების გადალახვა, სასიხარულო შედეგები – ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არა კრიზის ცენტრის საძირკველი – ქართული ემიგრაცია, რომლის შემოწირულობებზეც დგას ჩვენს მოქალაქეთა დასახმარებლად შექმნილი ორგანიზაცია. ამიტომ, ,,კრიზის ცენტრი – ამერიკა” განსაკუთრებულ მადლობას უხდის თანხის თუ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ნივთების და პროდუქტების შემომწირველ თითოეულ ემიგრანტს, რომელთა მიერ შეტანილი წვლილიც თანამემამულეთა გადასარჩენად აუწონავია.

და კიდევ ერთხელ, ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს, ასე ერთ გუნდად, ერთ მუშტად შეკრული წარმოდგა უცხო ქვეყნის ცის ქვეშ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველობა. ემიგრანტები – ემიგრანტებისთვის!ჩვენ ერთი ოჯახი ვართ! ერთობით დავამარცხებთ უხილავ მტერს!” – წერს ინა ასანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები