საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიმართვა ემიგრანტებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩომ  ემიგრანტებს მიმართა:

“ძვირფასო თანამემამულეებო, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

გაცნობებთ, რომ ქ. ათენში საქართველოს საელჩოს მიერ საერთაშორისო სასურსათო ქსელის „SPAR”-ის ვაუჩერები 17 აპრილს გადაეცა ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრს (GDCC). ორგანიზაცია უზრუნველყოფს ათენში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისათვის ვაუჩერებით შეძენილი პროდუქტების მიწოდებას.

როგორც იცით, აღნიშნული ორგანიზაცია, საელჩოსთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის მიზეზით სამშობლოში ვერ დაბრუნებული და ამჟამად ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების როგორც დროებითი თავშესაფრით, ისე საკვები პროდუქტებით დახმარებას, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუცხადებთ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, წევრებსა და მეგობრებს.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და “SPAR საქართველოს” თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ითვალისწინებს ევროპის 20-მდე ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის “SPAR”-ის ქსელის სასურსათო ვაუჩერებით სარგებლობას. “SPAR საქართველოს” საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით, 2000-მდე სასურსათო ვაუჩერი გადაეცემა განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ბელარუსში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, მალტაში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, უკრაინაში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ. ისინი აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე “SPAR INTERNATIONAL”-ის მაღაზიათა ქსელში ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, “SPAR INTERNATIONAL”-ის დახმარებით, მოკლე დროში მოხერხდა საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი აღნიშნული ერთჯერადი აქციის ორგანიზება. “SPAR INTERNATIONAL“-ის ბრენდი საქართველოს გარდა მსოფლიოს 49 ქვეყანაში, 13 ათასზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის გავრცელების ფონზე, ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობის საგანგებო, 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. ამ დრომდე საცხოვრებლით, საკვებით და პირველადი საჭიროების ნივთებით ათასობით მოქალაქეს გაეწია დახმარება.“ – ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები