“შვედები, ზოგადად, მშვიდი ხალხია, ამით განსხვავდებიან ისინი სხვებისგან”

“ქართული კვირა” მომღერალ საბინა ჭანტურიას დაუკავშირდა და სწორედ საბინა გვიამბობს რა ხდება დღეს შვედეთში.

“ჩვენ შვედეთში, უფრო სამხრეთით, ლუნდში ვცხოვრობთ, დანიასთან ახლოს. აქ, ჯერ,  კარანტინი არ გამოცხადებულა. ბევრი რამ ჯერ ისევ ღიაა, მაგალითად, უნივერსიტეტები და გიმნაზიები ონლაინ მუშაობენ, მაგრამ სკოლაში ბავშვები ისევ დადიან.

– ბევრი ადამიანია დაინფიცირებული?

– ჩვენს ქალაქში,  დაახლოებით, 200 ადამიანია დაინფიცირებული.

– და რატომ არ ცხადდება კარანტინი, ან რატომ არ მკაცრდება კანონი? არ არის იმის საშიშროება, რომ ვირუსი ბევრ ადამიანს გადაედოს?

– ჩვენთვისაც დიდი კითხვაა ეს. ძალიან ლიბერალურად უდგებიან ამ საკითხს… ხალხი პანიკაში არაა. შვედები, ზოგადად, მშვიდი ხალხია, ამით განსხვავდებიან ისინი სხვებისგან, როგორ რეკომენდაციასაც აძლევენ, ისე იქცევიან.

– თქვენც ჩვეულებრივად გადიხართ გარეთ?

– არა, ჩვენ გვეშინია და ვრჩებით სახლში.

– ზოგადი მდგომარეობა როგორია. მაგალითად, საავადმყოფოები, ექიმები ემზადებიან უარესი სიტუაციისთვის?

– სამწუხაროდ, ამისთვის ბოლომდე მზად არ არან. მამა გაცივდა, გრიპი ჰქონდა, გვინდოდა გაგვერკვია კორონავირუსი სჭირდა, თუ ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ არ მიიღეს.  თუ ძალიან ცუდად არ ხარ არ წაგიყვანენ. აკლიათ მედპერსონალი, სასუნთქი აპარატები. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსგან განსხვავებით, შვედები პანდემიას მოუმზადებლად დახვდნენ. ევროკავშირის ელჩმაც კი თქვა, რომ ამ სიტუაციაში საქართველოში ვისურვებდი ყოფნასო… ჩვენც გვინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, ადრევე დავგეგმეთ, მაგრამ ფრენები გაუქმდა და დავრჩით აქ. იმედია მალე ჩამოვალთ. ყველას ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები