“110 ინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი – ეს დაუჯერებელია”- ბერძნული ტელევიზია საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ 

ერთ-ერთ წამყვან ბერძნულ ტელეკომპანიაზე, Open TV, საქართველოს შესახებ ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსით გარდაცვლილი არცერთი პაციენტი არ ჰყავს. ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში ჩართო ევგენია კოტანიდი, რომელიც საქართველოში ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარეა.

“ჩვენ ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ საქართველოში ვიმყოფებით და ძალიან სწორად თქვით, ამ დროისთვის გვყავს მხოლოდ 110 ინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი. ეს დაუჯერებელია, მაგრამ ამასთანავე, უნდა ვთქვა, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში, რომელიც ევროპის კავშირშიც კი არ არის, საუკეთესო სპეციალისტებმა და ინფექციონისტებმა ძალიან სწრაფად დაამყარეს უშუალო კონტაქტი სახელმწიფოსთან და ახლა ეს შედეგები გვაქვს. დღეიდან ამოქმედდა გადაადგილების აკრძალვა, მაგრამ სახელმწიფომ თებერვლიდანვე დაიწყო პატარა ნაბიჯების გადადგმა, რომ გვქონოდა ის მდგომარეობა, რომელიც ახლა ფიქსირდება.

ჩვენ შეზღუდულები ვართ გადაადგილებასთან დაკავშირებით, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე საერთოდ არ გვაქვს უფლება, რომ გადავაადგილდეთ. არც აფთიაქში, არც სუპერმარკეტში, არც არანაირი სხვა მიზეზით არ გავდივართ გარეთ. და ეს კანონი მოქმედებს მთელ საქართველოში. დილის 06:00 საათის შემდეგ კი დასაშვებია მხოლოდ საყიდლებზე და აფთიაქში გასვლა.

მინდა გამძლეობა გისურვოთ და ბერძნებისგან მოკითხვა გადმოგცეთ როგორც საბერძნეთში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მყოფი ბერძნების მიმართულებით,” ამბობს კოტანიდი.

როგორც ბერძენი ჟურნალისტი აღნიშნავს, ისინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს მიადევნებენ და თუ ეს ქვეყანა შეძლებს კორონავირუსის პანდემიის დაძლევას გარდაცვლილის გარეშე, ეს იქნება მსოფლიოს იშვიათი მაგალითი.

https://www.facebook.com/georgians.gr/videos/2828946647183513/?v=2828946647183513

წყარო: georgians.gr

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები