ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია საქართველოს მთავრობას მიმართავს 

15 დიასპორული ორგანიზაციისაგან დაკომპლექტებული “ქართული დიასპორების საერთაშორისო კოალიცია” საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, მიიღოს შესაბამისი ზომები, როგორც ემიგრანტების, ასევე საქართველოში მცხოვრები მათი ოჯახების დასახმარებლად. 

,, ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია და საქართველოში რეგისტრირებული კოალიციის წევრი ორგანიზაციები (ქართველ ემიგრანტთა ლიგა, ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია) სრულად აცნობიერებენ, რომ მსოფლიოში ახალი კონორავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, უკრაინაში, რუსეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი 1 000 000-ზე მეტი თანამემამულე. საყურადღებოა, რომ ემიგრანტთა უმეტესობა შრომითი მიგრანტია და პანდემიის გამო უმრავლესობა მათგანი კარგავს სამუშაო ადგილს ან უახლოეს მომავალში უცხო ქვეყანაში უმუშევრად დარჩენა ელოდება.

ამავდროულად, გააზრებული გვაქვს, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო, ისევე როგორც ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნები, მზად არ არის ამ ეტაპზე სრულად უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები თავისი მოქალაქეების მასობრივად დაუყოვნებლივ დაბრუნება და შემდგომ მათი სამშობლოში რეინტეგრაცია, ასევე საქართველოში დარჩენილი ემიგრანტების ოჯახების სოციალური დახმარება, იმ პირობებში, როცა მათ შეუწყდებათ უცხოეთიდან მიღებული გზავნილები, რომელიც ხშირ შემთხვევაში იყო ამ ოჯახების ერთადერთი შემოსავალი.

ამიტომაც, ყოველივე ზემოთ თქმულიდან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს მთავრობამ დაჩქარებული წესით განიხილოს:

საზღვარგარეთ მოქმედ საკონსულო დაწესებულებებს გაეზარდოს დაფინანსება, რომელიც მიმართულ იქნას უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის დროებითი თავშესაფრებისა და საკვების შესაძენად;

საქართველოში მოქმედი საინტეგრაციო პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხების მობილიზება, რათა უკვე დაბრუნებულ ემიგრანტებს შევუმსუბუქოთ რეინტეგრაციის პროცესი და სოციალურ-ეკონომიკური პირობები;

 შეწყვეტილი სოციალური დახმარების გაცემის განახლება იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც აღნიშნული დახმარება მოეხსნა უცხოეთიდან მიღებული შემოსავლების გამო ან იმის გამო, რომ ოჯახის წევრი ქვეყნიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სამი თვეზე მეტი დროით;

საქართველოს ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, სალიზინგო კომპანიებთან, კერძო იპოთეკარებთან და ყველა შიდა განვადების მქონე ორგანიზაციასთან დაიწყოს მუშაობა, რათა მათ გარკვეული ვადით შეაჩერონ მათ მიმართ წარმოქმნილი დავალიანებების მოთხოვნა, თუ ამ დავალიანებების გადახდის უზრუნველყოფაში გამოყენებული იყო შემოსავალის სახით „უცხოეთიდან მიღებული გზავნილები“;

იმ სტუდენტების სწავლის გადასახადის დაფარვა ან დროებით შეჩერება ვისაც მშობლები ყავს საზღვარგარეთ.

ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციას მიაჩნია, რომ აღნიშნული ზომები:

შეუმსუბუქებს ქართველ ემიგრანტებს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო მიყენებულ ზარალს;

შეაკავებს ემიგრანტების გადაუდებელ დაბრუნებას და შესაბამისად, დროებით უზრუნველყოფს მათ ყოფას უცხოეთში;

 საქართველოში შემოსავლის გარეშე დარჩენილ მათ ოჯახებს გაუჩენს სოციალურ დახმარების შესაძლებლობას.

 დღეს ემიგრაციაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის ზემოაღნიშნული რეკომენდაციები დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, საქართველო ფარგლებს გარეთ თავის მოქალაქეების მფარველობა”- ნათქვამია მიმართვაში.

ორგანიზაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაარსდა და 15 ქვეყნის ქართულ დიასპორას აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები