“ჩემს ჭაღარა დედას გაუთბეთ გული, ჩემი მონატრებისგან რომ გაყინვია…” – ემიგრანტის წერილი 

თითქმის 30 წელია, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის, დედის დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს ყვავილების თაიგულთან ერთად იმ თბილ სიტყვებს უძღვნიან დედებს, მთელი წელი რომ ვერ ან არ, ან არასაკმარისად გამოთქვეს. თუმცა, ყველა შვილს ან ყველა ქალს როდი აქვს “ფუფუნება”,  ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროს – ხანდახან დედასა და შვილს შორის ემიგრაცია დგას.

თეონა ჭანტურია იტალიაში მცხოვრები ემიგრანტია, რომელიც წელს პირველად აღნიშნავს ამ დღეს შვილებისაგან შორს.   

“ახლა საქართველოში სამი მარტია, დედის დღეს აღნიშნავენ ჩემი ქართველები…

ამ დღეს ყველაფერი განსხვავებულად ვიცით, განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნოთ განსაკუთრებული ქალის –  დედის დღე.

დილიდანვე დაიწყო უთვალავი ჭრელა-ჭრულა გიფები, ფოტოები და ხატოვანი სიტყვა-გამოთქმები. ბედნიერი დედა იყავიო -მწერენ მეგობრები. ვკითხულობ და ვფიქრობ, ნეტავ რაშია დედის ბედნიერება?როდისაა დედა ბედნიერი, ის მაინც ხომ ვიცით ყველამ: როცა შვილებს ხედავს ბედნიერს!

ხედავს! გესმით თქვენ? ხედავსოო!

როგორი ბედნიერი ხართ, დედებო, შვილებს რომ ეფერებით, ღამეებს უთენებთუბრაზდებით, თვალებში ჩახედავთ, ისე დაანახებთ და თავადაც დაინახავთ სიმართლეს. მერე ჩაიხუტებთ და ატირდებით მათთან ერთად, გაიხარებთ მათთან ერთად, რა ბედნიერები ხართ, დედებო, შვილების გვერდით.  

ერთი ჩითის კაბით იარეთ ამ ტიალ წუთისოფელში და შვილები თვალსაწიერიდან არ მოიშოროთ. დედა… დეე… დედიკო… – ასე იწყება ელენეს, ჩემი შვილის, ყოველი წერილი. დედამისი მისთვის ყრუა, არ ესმის მისი ძახილი. არადა, სახლში სკოლიდან დაბრუნებული, ჭიშკრიდან იწყებდა ყვირილს. დედიკო, სადა ხარო? ბიჭიც უცნაური მყავს – ჩემზე განსაკუთრებულად მინდობილი იყო ხოლმე.

ხშირად ვურეკავ, მაგრამ ვხვდები, რომ ხმა გულამდე ვერ მიდის. შეიცვალნენ… იცოდნენ, დედა მათთვის ყოველთვის ყველაფერს შეძლებდა. ახლა “ყოვლისშემძლე დედა” ისევ ყოვლისშემძლეა, უბრალოდ მათთან კილომეტრები აშორებს. 

მაპატიეთ ეს სიშორე, ცოტა მოითმინეთ და მე ისევ თქვენი მფარველი ანგელოზი გავხდები, დე…

ახლა საქართველოში სამი მარტია, აქაც სამია – იტალიაში. უბრალოდ აქ დედის დღეს არ აღნიშნავენ

დღეს სამი მარტია და ჩემი შვილები პირველად მომილოცავენ ასე, სკაიპით ან მესენჯერით, ან იქნებ პოსტით,  რომლის დაბოლოება იქნება სიტყვები….დედა, მალე დაგვიბრუნდიო!

დამელოდეთ შვილებო, მანამდე კი  ჩემს ჭაღარა, კეთილ დედას მოეფერეთ და გული გაუთბეთ, ჩემი მონატრებისაგან რო გაყინვია

გილოცავ, დედა,

გილოცავთ, დაიკოებო,

გილოცავთ, ახლობლებო,

გილოცავთ, მეგობრებო

ყველა დედას გილოცავთ ამ დღეს

და ბოლოს ჩემს სევდიან ემიგრანტებს მივულოცავ და ყველას სახლში მალე დაბრუნებას ვუსურვებ!” 

თეონა ჭანტურია  

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები