ისტორია და ისტორიები მხოლოდ ქართული სლაიდერი

“ხერხი სჯობია ღონესა…” -მოუხელთებელი სერგო ზაქარიაძისა და რუსი ჟურნალისტის ისტორია 

სერგო ზაქარიაძეს არ უყვარდა ინტერვიუები. მაღალჩინოსანსაც რომ ეთხოვა, ჟურნალისტი მოვა შენთან და გაგესაუბრებაო,  იმასაც კი ტაქტიანად მოიშორებდა თავიდან. სერგოს “თბილი დამოკიდებულება” ჟურნალისტებთან ყველაზე კარგად ისევ და ისევ “მეოთხე ხელისუფლების” წარმომადგენლებმა იცოდნენ.

როცა ვადიმი რედაქტორმა იხმო და დაავალა, რადაც უნდა დაგიჯდეს, თბილისში უნდა გაფრინდე, მივლინებას რამდენდღიანსაც გინდა, გამოგიწერ და ზაქარიაძესთან ინტერვიუ უნდა ჩაწეროო, ვადიმს “დასცხა” თურმე. იცოდა, ეს არ იყო იოლი საქმე. ორი კვირა ითხოვა მასალის მოსაპოვებლად. წინდაწინ ყველა ინფორმაცია მოაგროვა მსახიობზე. გაიგო ისიც, რომ სერგო “ფანატიკოსი” გულშემატკივარი ყოფილა თბილისის “დინამოსი” და არც ერთ თამაშს არ აცდენდა, ყველას ესწრებოდა.

უსაზღვროდ გაიხარა, როცა გაიგო, რომ მისი მივლინება და “დინამოს” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ერთმანეთს ემთხვეოდა. თუმცა ქართველების მოწინააღმდეგე გუნდი ვადიმის საყვარელი მოსკოვის “ტორპედო” აღმოჩნდა. სხვა რა გზა იყო? ვადიმს უნდა ეთამაშა არა “ტორპედოს”, არამედ თბილისის “დინამოს” გულშემატკივრის როლი. ჟურნალისტმა ასეთ ტაქტიკას მიმართა: ზაქარიაძეს სახლთან ჩაუსაფრდა. შინიდან გამოსულ სერგოს უკან აედევნა. მსახიობი “დინამოს” სალაროებთან მივიდა. ჟურნალისტიც უკან ამოუდგა, ასე რომ, მათი ადგილებიც გვერდიგვერდ მოხვდა.

იმ დღეს მთელი სტადიონი გუგუნებდა, ნემსი არ ჩავარდებოდა, იმდენი ხალხი იყო მატჩის საყურებლად მოსული. სერგოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სლავი ახალგაზრდა, რომელიც ქართველ ფეხბურთელთა ყოველი შეტევის წამოწყებაზე ემოციას ხმამაღლა გამოხატავდა.

Image result for სერგო ზაქარიაძე

– ბიჭოს, რა ხდება? – უკითხავს გაკვირვებულ სერგოს მისთვის, – რუსი ხარ და ქართველებს გულშემატკივრობო?
– კი! – უპასუხია ვადიმს, – ქართველების თამაშზე ვგიჟდები და საერთოდ, ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანაო.

გადარეულა სერგო თურმე, ამისთანა კაცი უპატივცემულოდ როგორ გაგიშვაო, თან იმ დღეს ჩვენებს მოუგიათ… და რუს “გულშემატკივარს” ხელი ჩაავლო ზაქარიაძემ, ჩემთან გეპატიჟებიო. რაღა თქმა უნდა, სიხარულით გაჰყვა ვადიმი თავის “მოუხელთებელ” რესპონდენტს.

რაზე აღარ ილაპარაკეს სტუმარმა და მასპინძელმა, საქართველოზე, ფეხბურთზე, რუსებისა და ქართველების ურთიერთობაზე, კინოზე, თეატრზე, ნადირობაზე… ჭკუაზე არ იყო “ოგონიოკის” ჟურნალისტი, ეხუმრებით საქვეყნოდ აღიარებული მსახიობის ასეთ გულწრფელ სიტყვა-პასუხს? ჰოდა, წასვლის წინ, როცა სერგომ პატარა ყანწი “აჯახა” სტუმარს, ვადიმმა დალოცა ზაქარიაძეების ოჯახი, მისი თავკაცი, ქვეყანა, სადაც სერგოსნაირი დიდებული მსახიობები და ადამიანები იბადებიან და… ვერ მოითმინა, – საყვარელო კაცო, არ მიწყინოთ, თუკი დღევანდელი დღის ამსახველ რეპორტაჟს ნახავთ “ოგონიოკისფურცლებზეო. ღიმილი შეეყინა სერგოს სახეზე, ხელში ჭიქა ეჭირა, თითქოს ხელიც გაუშეშდაო. დაძაბული წუთები ისე გაიწელა, სტუმარს ეგონა, აღარასოდეს დასრულდებოდა, მაგრამ სერგომ მოჭმუხნილი წარბები გაშალა, ჯერ გაეღიმა, მერე კი კარგა გვარიანად გადაიხარხარა.

ოგონიოკელმა ჟურნალისტმა იმ მასალაში პრემია აიღო და დღემდე მიიჩნევს, რომ საუკეთესოა იმათ შორის, რაც კი დაუწერია.

სხვა სიახლეები

ნუცას ვიდეორეცეპტი ქართველი ემიგრანტებისათვის – ქათმის ღვიძლის პაშტეტი 

Editor

დღეს დავით ყიფიანის დაბადების დღეა

Editor

ქართველი მხატვრების ზამთრის პეიზაჟები (ფოტოგალერეა)

Editor

დავით აღმაშენებლის ანდერძის ორიგინალის ფრაგმენტი და შუა საუკუნეების საგანძურის განახლებული გამოფენა

Editor

“ტირილი წამსკდა, ყელში ხმა აღარ ამომივიდა და გავუთიშე… მადლობა ვერ გადავუხადე…”

Editor

“ერთხელ მოვისმინე მისგან დეეეე მშია… ეს იყო ჩემი გარდაცვალება …”

Editor