როგორ სახლებში ცხოვრობდნენ საქართველოში საუკუნეების წინ

მე-18 საუკუნიდან დღემდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 3,4-ჯერ გაიზარდა და ამ პერიოდის განმავლობაში შეიცვალა მათი განსახლების  ფორმებიც – თუ 1797 წელს მოსახლეობის დაახლოებით 5% ცხოვრობდა ქალაქში, დღეისათვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 58%-ია.დროთა განმავლობაში იცვლებოდა სოფლად და ქალაქად, მთასა და ბარში მდებარე სახლების ფორმები და აგებულება. გარდა ამისა, საქართველოს მრავალმხრივობისა და მარვალფეროვნების წყალობით, უწინ თითქმის ყველა კუთხეში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ “ენდემურ არქიტექტურას” აღმოაჩენდით. საინტერესოა, სანამ ყველაფერი ბეტონის კოლონებით ჩანაცვლდებოდა, როგორ ცდილობდნენ ჩვენი წინაპრები, მორგებოდნენ ადგილობრივ ლანდშაფტსა და კლიმატურ გარემოს.

ფაცხა უძველესი საცხოვრებელი ტიპის ნაგებობადაა მიჩნეული. იგი XX საუკუნის 40-იან წლებამდე ფუნქციონირებდა საქართველოში. განასახვავებენ წრიული მოხაზულობისა და სწორკუთხოვან ფაცხებს:

1. წრიულგეგმიანი, საცხოვრებელი ან სამეურნეო ფაცხა, საცხოვრებელი ფაცხა უფრო დიდი მოცულობის იყო და გუმბათისებური გადახურვა ჰქონდა, ხოლო შედარებით მცირე ზომის სამეურნეო ფაცხებს კონუსურად ხურავდნენ. გადასახურავ მასალად გამოყენებულია ისლი ან ჩალა.

2. სწორკუთხოვანი ფაცხა, რომელიც წრიული ფაცხისგან განვითარდა. გარდამავალ ფორმებს შემორჩა წრიულობის ნიშნები. მისი წარმოქმნა განაპირობა წრიული ფართობის მოუხერხებლობამ დანაწევრებისა ან მომატებისათვის. მართი კუთხეებით აგებულ ერთგანყოფილებიან ფაცხას წინ ან ირგვლივ აივანი აქვს.

ოდასახლი – დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ტიპური საცხოვრებელი, დახვეწილი არქიტექტურული ფორმის ნაგებობა, რომლის პირველი სართული წარმოადგენს ქვის ბლოკებით აშენებულ პალატს, მეორე სართული კი მთლიანად ხისგანაა გაკეთებული. ოდასახლისთვის დამახასიათებელია ფართო აივანი, ზოგჯერ მასზე მიმაგრებული გრძელი სკამებით. ტიპიური ოდასახლის მეორე სართული მოიცავს სამ ოთახს, ორი განაპირა საძინებლებისათვის და შუაში დიდი „ზალა“, რომელიც ერთმანეთისგან გამიჯნულია ხისავე ტიხრებით. ოდასახლში ზოგჯერ გამართულია ქვის ბუხარი და განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ქვისა და ხის ერთმანეთთან შერწყმის ხელოვნება. როგორც წესი, ოდასახლის აივნებს უკეთდება ხის აჟურული ფარდები, რაც მას თავისებურ კოლორიტს სძენს. ოდასახლის პალატი განკუთვნილია სხვადასხვა საოჯახო და სამეურნეო საქმიანობისთვის.

პიტაფიცარი — საცხოვრებელი სახლი აგებული ხის მოკლე ფიცრებით. პიტაფიცარის საფუძველი ქვებზე დაწყობილი ერთმანეთთან ჭდობით ჩამაგრებული ძელებისგანაა შედგენილი. ძელებში ამოჭრილ ღრმულებში ვერტიკალური დგარებია (ბოყვი) ჩასმული, რომელთა ორი მხარე ღრმადაა ამოღარული. პატიფიცარი ჩევულებრივ ერთგანყოფილებიანი და ორგანყოფილებიანი იგებოდა, თუმცა არსებობდა სამგანყოფილებიანიც.

 

აჭარული სახლი ორსართულიანია. ზედა სართულზე ცხოვრობს ჯალაბი, ქვედაში — თავლა და ბოსელია ერთად. ზედა სართული სამ განყოფილებიანია. ერთი ოთახი სტუმრისთვისაა განკუთვნილი, საჯალაბო კი იმავდროულად სამზარეულოცაა. კედლებზე  დაბალი “ტახტებია” მიკრული, ტახტების შუაში მიწაა მოყრილი და  ზედ კერა გამართული. მესამე ოთახი აჭარულ სახლში სარძევეს წარმოადგენდა. აქვე იყო ამოჭრილი იატაკის პატარა ნაწილი, რომელითაც ბოსელში ჩასვლა იყო შესაძლებელი.

მურყვამიანი, ანუ კოშკიანი სახლი – სვანური საცხოვრებლის ყველაზე უფრო განვითარებული და დასრულებული სახეა. უმთავრესი ელემენტებია ორსართულიანი (იშვიათად ერთსართულიანიც) საცხოვრებელი სახლი, კოშკი (მურყვამი) და ეზო. ეზოს ზოგჯერ გალავანი არტყია და მასშია მოქცეული კალო, ფარდულები და სხვ… საცხოვრებელ სახლში ქვემოთ ე.წ. მაჩვიბია, ზემოთ დარბაზი. მაჩიბს მიწის იატაკი აქვს. ეს საცხოვრებელიც არის საქონლის სადგომიც. სარკმლები არ არის, შუაში კერაა.

საქონლისთვის განკუთვნილია ადგილი სამი კედლის შემოყოლებით; აქ გაკეთებულია ხის ტიხარი საქონლისათვის თავის გამოსაყოფებით, მის წინ კი თივის დასაყრელია მოწყობილი. დარბაზი უმეტესად მაჩვიბის თავზეა. აქაც არის კერა, ცალ მხარეს კი ღია ტერასა. დარბაზი მხოლოდ ადამიანისთვისაა განკუთვნილი. საინტერესოა, სვანური სახლების ინტერიერი –  ხის ნაწილებისა და ავეჯის „დაჭრელება“ ხალხური შემოქმედების თავისებური მაგალითია.

კოშკებში, სადაც მთელი ოჯახი აფარებდა თავს საშიშროების დროს, არ არსებობს არავითარი დამატება, გარდა იატაკში ჩაკირული წყლის ქვევრებისა.

კალოიანი სახლი უმეტესად გავრცელებულია პირაქეთა ხევსურეთში, თუმცა აქა-იქ პირიქითაშიაც გვხვდება.  იგი სამსართულიანი იყო და ხშირად ფერდობზე იდგა ისე, თითქოს ზურგით მიწაში იყო შეჭრილი. I სართულს საკუთრივ სახლი ეწოდებოდა, იგი ჯალაბობისა და პირუტყვისთვის გახლდათ განკუთვნილი. აქვე იყო კერა („ყვერფი“), დაწნული კედლით გამოყოფილი ბოსელი, პროდუქტების დასამზადებელი ოთახი – სენე და სხვა სამეურნეო დანიშნულების ოთახები. მეორე სართული ჭერხო – მამაკაცთა სადგომი გახლდათ, მესამე – მაღალი ბანი, სადაც ზამთარში ყინულზე პურს ლეწავდნენ.

„დარბაზი“ – ტიპი, რომლის არსებობაც დადასტურებულია წერილობით უკვე ჩვენი წეღთაღრიცხვის მიჯნაზე, ხოლო მისი ცალკეული ელემენტები – ზემო სარკმელი შუა ცეცხლის კვამლის გასაშვებად და შუქისათვის, ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში გვხვდება. ბოლო დროს გავრცელებული იყო ისტორიული ქართლისა და მესხეთის ტერიტორიაზე. დარბაზი გახლდათ გვიანი ხანის საცხოვრებელი სახლის ყველაზე გავრცელებული ფორმა ქალაქებში.

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები