მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გიორგი მაჩაბელი ნიუ – იორკში ახალ სპორტულ ცენტრს  ” Georgian Martial Arts Center “ ხსნის

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, შავი ქამრისა და  მეხუთე დანის მფლობელი გიორგი მაჩაბელი ნიუ – იორკში ახალ სპორტულ ცენტრ  ” Georgian Martial Arts Center “ ( ქართული საბრძოლო ხელოვნების ცენტრი) ხსნის.

 ამ ცენტრში განთავსდება  ” New York Karate Academy “,  სადაც  ბავშვების აღზრდა 3 წლის ასაკიდან დაიწყება.

ასევე ამ ცენტრში იქნება თავისუფალი ჭიდაობის სექცია, “ Cardio Kick Boxing”-ს და კიდევ  ფიტნესი ქართული ცეკვის სტილში , ეს უკვე სპეციალურად მანდილოსნებისთვის  კეთდება და  მათ შეეძლებათ სულ ცეკვა-ცეკვით შეინარჩუნონ სპორტული ფორმა და დაიცვან თავი ზედმეტი წონისგან.

ჩვენ დავუკავშირდით გიორგის ბრუკლინში, რომელიც პირველი ქართველია, ვისაც სინაგოგაში საბრძოლო ხელოვნების ცენტრის გახსნის ნება დართეს.

გიორგი მაჩაბელი:  ‘’მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ  საშუალება მაქვს აღვზარდო და სწორი მიმართულება მივცე ბავშვებს, როგორც ცხოვრებაში, ასევე სპორტულ კარიერაში. ბავშვების სწორად აღზრდა და ინფორმაციის სწორად გადაცემის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ცენტრი ახალი წლის შემდეგ,  იანვრიდან  გაიხსნება და განვაგრძობთ პატარა ქართველი და სხვა ეროვნების, ჯანმრთელი, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონების აღზრდას. ცენტრში თავისი საქმის პროფესიონალი მწვრთნელები იმუშავებენ.

კარატეს სექციას მე – გიორგი მაჩაბელი გავუძღვები – მსოფლიოს სამი გზის ჩემპიონი,შავი ქამრისა და მეხუთე დანის მფლობელი. ბავშვებთან მუშაობის ათწლიანი გამოცდილებით.

თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელი გოგა გობეჯიშვილი იქნება, გამოცდილი სპორტსმენი და მწვრთნელი, მსოფლიოსა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, რომელმაც უკვე საკმაოდ  წარმატებული ახალი თაობა  აღზარდა.

რაც შეეხება ქართული ცეკვის სტილით ფიტნესს – მას სათავეში ასევე გამოცდილი და არაჩვეულებრივი ადამიანი გოჩა სიხარულიძე, მეტსახელად გეკო ჩაუდგება, რომელიც წლების განმავლობაში  სუხიშვილების ანსაბლის წევრი ( 1990-2004 ) იყო და ასევე  დიდი გამოცდილება  აქვს სწორი ფიზიკური დატვირთვის და ფიტნესის საქმიანობაში.

ასე რომ, ცენტრი პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანებითაა  დაკომპლექტებული.’’

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები