ლიზა (თურქული დღიურები)

“ძალიან არ მინდა ,, ლიზას” დასრულება,
ეს მართლა ბოლოა და მინდა მხიარულ ნოტაზე დავამთავრო ლიზას ამბავი.

კურიოზი, რომელიც მართლა მოხდა და ამდენი წლების მერეც ცოცხალ ანეკდოტად ტრიალებს და ალბათ არც დამავიწყდება”….

სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ჩანახატი გამოჩნდა ემიგრანტების ცხოვრებაზე, რომელიც ქალბატონმა იზა კაციაშვილმა გამოაქვეყნა ჯგუფში “ემიგრანტები იტალიაში”

ლიზა
/თურქული დღიურები/

….შარიანი ქარი აქა- იქა შემორჩენილ ფოთლებს უგზო- უკვალოდ ატრიალებდა და პირველი სართულის ახლად დაგვილ აივანს ისევ მტვრითა და ნაგვით ავსებდა. კარი მიხურა, სავარძელში წათვლემილ ბებოს შუადღის წამლები მიუტანა, სათითაოდ აუხსნა , რომელი რა წამალი იყო და მოხუცმაც მიმნდობი, მადლიერი მზერით უხმოდ გადაყლაპა აბები. ბოლო დროს უჭირდა თუ არავის ენდობოდა, სანამ არ ეტყოდნენ, რომელი რა წამალი იყო, არაფრით აღარ სვამდა, ისიც ლიზას ხელიდან მარტო. შვილები იცინოდნენ, ჩვენ აღარ გვენდობიო, ბებო ლიზას გახედავდა და არაფერს არ ამბობდა.
ის იყო მისაღებ ოთახის დალაგებას მორჩა, ატრიალებული სკამები ჩამოალაგა და კარზე ზარიც დაირეკა. გაუკვირდა, ამ დროს არავინ მოდიოდა, სტუმრობა დილით, ან საღამოს იცოდნენ, არ ესიამოვნა, ჭორიკანა გუნული იქნება, დაიწყებს ახლა წუწუნს და ვიშვიშს, ბებოსაც ნერვებს მოუშლისო და უხალისოდ
წავიდა კარის გასაღებად. კარებში პატივცემული ექიმი, ნაადირ ეფენდი იდგა და შემცივნულ ცხვირ- პირს სასაცილოდ მანჭავდა.
– Hoş geldiniz abi – კეთილი იყოს თქვენი მოსვლა – ტრადიციისამებრ მიესალმა.
– Hoş buldug – დედა როგორაა – კარებშივე მოიკითხა მოხუცი.
– ახლა არა უშავს, დილით მაღალი წნევა ჰქონდა, ამდენი წამლებისგანაც კუჭი სტკიოდა, შედარებით უკეთესადაა– პასუხი დაუბრუნა და უბოდიშოდ, ფეხსცმლიანი ფეხით შემოსულ ექიმს ნაღვლიანი მზერა გააყოლა.
– ლიმონიანი წყალი დაგელევინებინა.
– დავალევინე, თანაც ორჯერ, როგორც დამარიგეთ, არც ეგ უყვარს იცით– პასუხი არ დააყოვნა ქალმა.
ექიმი დედასთან შევიდა, თვითონ სამზარეულოში შეტრიალდა და ჩაი დადგა, თან გაკვირვებული ფიქრობდა, ნეტა რამ მოიყვანა ამ შუადღეზე, ერთი კვირაა არ მოუკითხია დედამისი, არ გამოჩენილა და დღეს რა დაეტაკა, დააძინებდა ბებოს და თვითონაც დასვენებას აპირებდა, ამ ბოლო დროს თავს კარგად ვერ გრძნობდა, ერთი სული ჰქონდა, როდის გავიდოდა დარჩენილი ერთი თვე და საქართველოში დაბრუნებული, აღარ აპირებდა სამუშაოდ ჩამოსვლას. რაღაცნაირად აიცრუა გული ყველაფერზე, ბებო რომ არა, არც ამდენი ხანი აღარ აპირებდა დარჩენას, მოხუცი ეცოდებოდა, ვერც კი წარმოედგინა, როგორ გათენდებოდა და ვერ გაიგებდა ბებოს ტკბილ ხმას
,, Günaiydin Kizim, uyandin mi?”- დილა მშვიდობისა, გავიღვიძე ჩემო გოგო?- რასაც მოხუცის მოფერება და კოცნა მოჰყვებოდა…
ჩაი დააყენა, ოთახში შევიდა და დედასთან მოსაუბრე ექიმს მორიდებით ჰკითხა
– აბი, ჩაი დავდგი, სხვა ხომ არაფერს ინებებთ?

– ისადილეთ? ახლა მანისადან მოვდივარ, გზაში ძალიან მომშივდა, მაგრამ არაფერი მიჭამია, ჩიტმა მომიტანა ამბავი, რაღაც კარგი საჭმელი გაგიკეთებია და იმედია მეც შემინახეთო და ეშმაკურად ჩაიცინა.
– კი რა თქმა უნდა, აბა უთქვენოდ როგორ იქნება, თქვენი წილი შენახული მაქვს, ახლავე გავაცხელებო და სიცილით გაბრუნდა სამზარეულოსკენ.
წინა დღეს რძლებმა მოიწადინეს და გინდა თუ არა ხინკლის მოხვევა გვასწავლეო, გატარებული ხორცი თვითონ მოიტანეს, ფქვილიც და საერთო სიცილ- ხარხარში იმდენი ხინკალი მოახვიეს, რაც ჭამეს ჭამეს, რაც არა წაიღეს და მორჩენილ მოხარშული ხინკალი ლიზამ მოზრდილი თეფშით მაცივარში შედგა.
– ჭორიკანა ჩიტები, ენას რომ არ აჩერებენ – ეღიმებოდა ქალს – აი თურმე რისი დარდი ჰქონია.
მაგიდა გაშალა, ბებომ არაფერი მინდაო, მაგრამ ლიზას დაჟინებულ თხოვნაზე, ერთი ჩაი მაინც დალიე, მაგიდას მიუჯდა.
სუფრის თავში ექიმი დაბრძანდა, ტაფაზე, კარაქში გემრიელად დაბრაწული ხინკალს დახედა და ლიზას მიაჩერდა.
ლიზამ ჯერ ბებოს გადაუღო, მერე აბის შესთავაზა და თვითონაც ორი ცალი დაიდო თეფშზე.ნაადირი გაფაციცებით შეჰყურებდა და ელოდებოდა.
– ლიზამ ფრთხილად აიღო ცხელი ხინკალი ხელით და გემრიელად ჩაკბიჩა.
თურმე რატომ შეჰყურებდა, აინტერესებდა, როგორ ჭამენ ამ კერძსო, აკი გოგოებს გუშინ ასწავლიდა, ხინკალი ჩანგლით არ იჭმევა , ხელით უნდა მიირთვათო. იმანაც ხელი დაავლო და ქალის შემხედვარე, ჭამა დაიწყო, თან ჩაის აყოლებდა. ჯერ ისედაც ხასიათზე მოსული ლიზა, ამ სურათმა კიდევ უფრო გაამხიარულა, შეჰყურებდა ექიმის ცხიმისგან გაპოხილ ნიკაპს და სიცილს ვერ იკავებდა, ხან რა მიზეზით, ხან რა, რამდენჯერმე ადგა მაგიდიდან და თავის ოთახში გასულმა ერთი გულიანად იცინა ბალიშში თავჩარგულმა.
ბოლოს მესამე ჭიქა ჩაი რომ დააყოლა ხინკალს, ვეღარ მოითმინა და უთხრა

– აბი, ხინკალი ქართული საჭმელია, ჩვენთან არაყს ან ღვინოს აყოლებენ, ან ლუდს, ჩაი ვის გაუგიაო– სიცილისაგან მორღვეულ ტუჩებს ძლივს მოუყარა თავი.
ნადირ ეფენდიმ გამოტენილი პირით ძლივს ამოლუღლუღა
– მერე აქამდე გეთქვა, რას გამომათუთქინე პირი ამ ცხელი ჩაით, არ გრცხვენიაო და ქალს წყრომით შეხედა.
როგორც იქნა მორჩნენ სადილს, დედა და შვილი ტელევიზორს მიუსხდნენ, ლიზამ მაგიდა აალაგა, ჭურჭელი დარეცხა და ოთახში შესულმა ტელევიზორს შეხედა, გადაცემა იყო, თურქულ, ძველებურ მოჭედილ, მოზარნიშებულ თოფებს და დამბაჩებს აჩვენებდნენ. სკამი ბებოს სავარძელთან მიაჩოჩა და თვითონაც ინტერესით შესცქეროდა ნაირ- ნაირ, ძვირფას თვლებსა და ოქრო–ვერცხლში ჩამჯდარ ძველებურ დამბაჩებს, ხმლებსა და თოფებს.
– ლიზა ჰანიმ, თქვენგანაც არის ასეთი ლამაზი რამეები? (Liza Hanim, sizde da var mi boyle güzel silahlar?)
– რა თქმა უნდა აბი, ჩემს ქმარს ძალიან ლამაზი, აი ასეთი, თან ხელები გაშალა, იარაღი ჰქონდა.
უპასუხა ლიზამ.
– რა ჰქონდა?– კითხვა გაუმეორა ნაადირმა.
– ძალიან ლამაზი, მოსევადებული იარაღი– თან ისევ ხელით ანიშნა ქალმა.
კაცმა რაღაც უცნაურად შემოხედა, უცბად ადგა და ისე რომ სავარძელში მთვლემარე დედას არც კი დამშვიდობებია, კარები გაიჯახუნა.
სახტად დარჩენილმა ლიზამ აღარ იცოდა რა ექნა, დამუნჯებულმა ისღა მოიფიქრა, სახლის ტელეფონზე გოგოებს გადაურეკა, ასე და ასე მოხდა და რა დაეტაკა ვერ გავიგეო. ყურმილის მეორე მხარეს იმისთანა სიცილი ატყდა, გაოგნებულმა ქალმა ლამის ტელეფონი გათიშა, როგორც იქნა მზიამ სული მოითქვა და სლოკინით აუხსნა
– გოგო, ,, Yarağ” ამათ ენაზე კაცის სასქესო ორგანოს ჰქვია, შენ დამდგარხარ და გითქვამს, ჩემს ქმარს ამისთანა ლამაზი და ამხელა ჰქონია, გაქცეოდა ის კაცი, მა რას იზამდაო და სიცილის ახალმა ტალღამ ლამის ყურმილი დააგდებინა ხელიდან ქალს.
გაშრა, გახევდა, თან ეცინებოდა, თან ტირილი უნდოდა, ექიმის შეცბუნებული სახის გახსენებაზე ღიმილი ერეოდა, თავის უტვინობაზე ეტირებოდა, როგორ გინდა აუხსნა და მოუბოდიშო მამის ტოლა კაცს, რომ ქართულად იარაღი იარაღია.
სამი დღის მერე მოსული ნაადირ აბიმ დარცხვენილ ლიზას თვითონვე უთხრა:
– ლიზა ჰანიმ, მე მივხვდი რომ შენ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდი. გაპატიე, სხვა დროს ეცადე გაუგებარი და შენთვის უცხო სიტყვა არ თქვა და შემრიგებლურად გაუღიმა.სხვა დრო? სხვა დრო კი არა, ერთი სული ჰქონდა თვე ჩამთავრებულიყო, გუდა ნაბადი აეკრა და თავის მემლექეთში წასულიყო, თავის შვილებთან, პაწაწკინტელა ელენიკოს ჩაეხუტებოდა, პირველ შვილიშვილს, შავ თვალებს რომ აბრიალებდა და ნაცნობ–უცნობ ბებოს მოუთმენლად ელოდებოდა…….

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები