ზუგდიდი კოლხური ღვინის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს

24 ნოემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართება.

კოლხური ღვინის პირველ ფესტივალზე უძველესი მეგრული ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია მოხდება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან. მოხდება სამი საუკეთესო ღვინის გამოვლენა და დაჯილდოება.

ფესტივალში მეღვინეებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები. მოეწყობა სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ მასტერკლასებში.

ღონისძიების ფარგლებში, მოხდება იტალიელი მოგზაურის კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრების გამოფენაც, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. შეგახსენებთ, რომ პალერმოს ბიბლიოთეკამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს კასტელის მასალების სრული ელექტრონული ვერსია გადმოსცა.

ART სივრცეში წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ჩატარდება მასტერკლასები, გამოიფინება აგროტექნიკა.

ბავშვებისთვის დამონტაჟდება გასართობი ატრაქციები, გაიმართება კონცერტები, ანიმატორები იზრუნებენ პატარების გართობაზე და მოეწყობა კონტაქტური ზოოპარკი. მთავარ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ფოლკლორული ანსამბლები. საღამოს დახურავს ბენდი „Yellow“.

ფესტივალის მიზანი, კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაა. ფესტივალის სიმბოლო სამეგრელოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული სკულპტურაა, სადაც ცხენზე ამხედრებულ ქალს ერთ ხელში ყანწი, მეორეში კი თოთო ბავშვი უჭირავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები