საქართველოზე შეყვარებული იტალიელი, რომელმაც შვილს ჯორჯია დაარქვა

41 წლის ფრანჩესკო ტრეჩი საქართველოზე შეყვარებული იტალიელი ჟურნალისტია, რომელმაც ჯერ უმაღლესი სასწავლებლის ორ საფეხურზე (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა)  ქართული ისტორია და კულტურა შეისწავლა, შემდეგ კი მისი საყვარელი ქვეყნის შესახებ 2 წიგნი დაწერა.

პირველი წიგნი საქართველოს ისტორიას ეხებოდა. მეორე – „საქართველო-ქვეყანა, რომელიც ღმერთს სათავისოდ უნდოდა“ – მთლიანად მის მოგზაურობებსა და შთაბეჭდილებებს ეფუძნება.

ფრანჩესკო ქართულ ენასაც ეუფლება. „მადლობა“ პირველი სიტყვაა, რომელიც ისწავლა. მას შემდეგ აქტიურად ცდილობს ქართული ენა და დამწერლობა უკეთესად შეისწავლოს. ინტერვიუსთვის გადახდილ მადლობასაც ქართული „არაფრის-ით“ პასუხობს.  

თუმცა, მისი სიყვარული  მხოლოდ მოგზაურობებსა და წიგნებში არ გამოიხატება. საქართველოზე შეყვარებულმა იტალიელმა ჟურნალისტმა მეორე ქალიშვილს სახელად ჯორჯია დაარქვა. ახლა იტალიაში მის სამუშაო მაგიდაზე ორ ჯორჯიას – ქალიშვილის ფოტოსა და საქართველოზე დაწერილ წიგნს შეხვდებით.

– როგორ შემოვიდა  საქართველო თქვენს ცხოვრებაში?

– პირველად, საქართველოს შესახებ რამდენიმე წლის წინ, იტალიური ჟურნალიდან შევიტყვე, მოხიბლული ვიყავი თქვენი ქვეყნით, განსაკუთრებით მისი სილამაზითა და ტრადიციებით, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არც შევმცდარვარ.

– რამ მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

– ორ მთავარ პასუხს გეტყვით – ესაა ქართული ანბანი და ქართული სტუმართმოყვარეობა. ორივეს შესახებ ვიცოდი მანამდეც, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა – ანბანში გამოხატული თქვენი ათასწლოვანი კულტურა და ხალხი, რომელიც სულ გიღიმის. სტუმართმოყვარეობა სისხლში აქვს თქვენს ხალხს.

– როგორი იყო თქვენი პირველი მოგზაურობა საქართველოში?

– ერთი პატარა ისტორიით გიპასუხებთ ამ კითხვაზე: საქართველოში მოგზაურობისას გოდერძის უღელტეხილზე გერმანელ ტურისტებს შევხვდი, მოტოციკლებით მოგზაურობდნენ  და მთელი ქვეყნის შემოვლას აპირებდნენ. მათ მკითხეს, როგორი ქვეყანა იყო საქართველო, მე კი ძალიან თავდაჯერებულმა ვუთხარი, მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა ყველაზე კეთილი ხალხით-მეთქი, სწორედ ამ დროს  ჩვენ წინ ქალბატონმა მანქანა გააჩერა და  დახმარება შემოგვთავაზა – ასე, ცოცხალი მაგალითით დავუმტკიცე გერმანელებს, რომ არ ვცდებოდი.

– არა უბრალოდ გიყვართ ეს ქვეყანა, საქართველოს შესახებ ძალიან დიდ ინფორმაციასაც ფლობთ. როგორ მოახერხეთ, დაგეგროვებინათ ეს ცოდნა?

– ისე მომწონდა ეს ყველაფერი, გადავწყვიტე, შემესწავლა საქართველოს ისტორია და კულტურა იტალიის უნივერსიტეტში. ახლა ჩემი ყოველდღიური სამუშაო სფერო სრულიად განსხვავდება ამ ყველაფრისგან. თუმცა, მე მაინც მთელი გულით ვგრძნობ ამ ქვეყანას. 2003 წლიდან დღემდე  7-ჯერ გესტუმრეთ  და ქართული ანბანიც კი შევისწავლე.

– თქვენი სიყვარული საქართველოსადმი მხოლოდ ისტორიის ცოდნით არ შემოიფარგლება…

– რა თქმა უნდა, არა. მე ეს ქვეყანა მიყვარს ყველა მისი სიკეთითა და პრობლემით იმდენად, რომ გადავწყვიტე, ჩემი მეორე ქალიშვილისთვის სახელად ჯორჯია (იტალ. Giorgia) დამერქმია. გარდა ამისა, საქართველოს შესახებ დაწერილი ორი წიგნის ავტორიც გახლავართ.

– რის შესახებაა საუბარი  თქვენს ნაშრომებში და  რატომ გადაწყვიტეთ საქართველოსთვის წიგნები მიგეძღვნათ?

– პირველი წიგნი თქვენი ათასწლოვანი ისტორიის შესახებ დავწერე, რამდენი რამ გადაუტანია და გამოუვლია ამ ქვეყანას.  შემდეგ იყო მეორე წიგნი – „ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის სურდა“, რომელიც ჩემი პირადი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შედეგია. ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც საქართველოში მოგზაურობა სურს. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია, როგორც იტალიაში, ასევე საქართველოს ტურისტულ მაღაზიებში.

– როგორი იყო გამოცემაზე მუშაობის პროცესი და თქვენთან ერთად, ვინ იყო ჩართული მის შექმნაში?

– „საქართველო-ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის სურდა“ არის მოგზაურობა ყველაზე ლამაზი პოემების, მოთხრობების, არქიტექტურისა  და გასტრონომიული კულტურის მქონე ქვეყანაში. მე თავად გამოვცადე საქართველოში ყველაფერი, რათა ამ ქვეყნის სული გამეგო. წიგნზე მხოლოდ მე ვმუშაობდი, აბსოლუტურად ყველაფერი მარტომ გავაკეთე. ინფორმაციაც და ფოტოებიც თავად შევაგროვე. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნები შემუშავებული, დაწერილი და დამუშავებულია მხოლოდ ჩემ მიერ. ვიფიქრე, იტალიელებს უნდა სცოდნოდათ თქვენი ქვეყნის შესახებ, ამიტომაც შემდეგ გამომცემლობა „Apice Libri”-სთან ერთად წიგნი იტალიურ ენაზე გამოვეცით.

– რატომ დაარქვით თქვენს წიგნს  „საქართველო – ქვეყანა რომელიც ღმერთს თავისთვის უნდოდა“? საიდან გაიგეთ ამ ლეგენდის შესახებ?

– ორი დიპლომი მაქვს, ჩემი ორივე სადიპლომო  ნაშრომი საქართველოს შესახებ იყო. მე კარგად ვიცნობ მის კულტურას და ისტორიას. ლეგენდის შესახებ რომ ვიცი, ესეც ამის დასტურია. ვფიქრობ, ეს წიგნი არის საქართველოსადმი ჩემი სიყვარულის გამოხატულება. ამიტომაც ვეხები ყველა იმ საკითს რაც ასე ახლო და საყვარელია ჩემთვის, იქნება ეს არქიტექტურა, ტრადიციები, ბუნება თუ საოცარი ქორეოგრაფია- განსაკუთრებით განდაგანა და მთიულური მომწონს.

– როგორ ფიქრობთ, მიაღწიეთ იმ მიზანს, რისთვისაც წიგნი გამოეცით?

– ძალიან ბედნიერი ვარ, როცა მიკავშირდებიან და მეკითხებიან რჩევებს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით. წიგნების ბევრი ეგზემპლარია გაყიდული, რაც მაფიქრებინებს, რომ შევძელი უცხოელები საქართველოთი მეტად დამეინტერესებინა. დღეს იტალიური საიტები იყენებენ ამ წიგნს, როგორც სახელმძღვანელოს ქართული ტურების დასაგეგმად. ჩემი მიზანიც, ალბათ, ეს იყო.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– რა თქმა უნდა, ჩემი გეგმები კვლავ საქართველოს უკავშირდება, 2020 წელს ისევ ვაპირებ, გესტუმროთ. ჯერ კიდევ ბევრ რამ მაქვს სანახავი, განსაკუთრებით, ვანის ნაქალაქარი და ნიკორწმინდა  მაინტერესებს. ვიცი, ეს არის ქვეყანა, რომელსაც ყოველთვის ექნება ჩემთვის სიურპრიზი შემონახული და ყოველთვის გამაოცებს.

ავტორი: თამუნა ზარანდია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები