ემიგრანტობის 20 წელი და ფონდი, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

რუსუდან გოგბერაშვილმა საქართველოდან შორს, 20 წელი იცხოვრა. მისი ემიგრანტული გზა ერთი შეხედვით, სხვებისას ჰგავს… თუმცა არის განსხვავებაც – არ გასჭირვებია საყვარელი საქმე უცხო ქვეყანაში ეპოვა და ამით ბევრ თანამემამულესაც დახმარებოდა.

წლების წინ, თესალონიკში ლიტერატურული გაერთიანება „ქართული სალონი“ შექმნა, რომელიც უამრავი საინტერესო შეხვედრის თუ ლიტერატურული საღამოს ორგანიზატორი გახდა. ამ სალონში გაჩნდა იდეა საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის „ემიგრანტის წერილის“ შექმნის და მოგვიანებით, ემიგრანტ შემოქმედთა მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ფონდის დაარსების წინაპირობადაც იქცა. რუსუდან გოგბერაშვილი საქართველოს დაუბრუნდა და ახლა უკვე სამშობლოდან ეხმიანება უცხოეთში მყოფ ქართველებს საინტერესო პროექტებით…

– ქალბატონო რუსუდან შეგიძლიათ გაიხსენოთ როგორი იყო სამშობლოს გარეთ გატარებული 20 წელი?

– იმერეთის ერთ პატარა ქალაქში დავიბადე და  სკოლაც იქვე დავამთავრე. მერე, თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩავირიცხე და ჯერ კიდევ სტუდენტი, თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში მოვხვდი უფროს პიონერ ხელმძღვანელად, შემდეგ კი მუშაობა გავაგრძელე პედაგოგად და დირექტორის მოადგილედ სასწავლო აღმზრდელობით დარგში.

1994 წელს ემიგრანტი გავხდი, როგორც ბევრი ჩვენი თანამემამულე. ემიგრანტობა  90-იანი წლების შავბნელმა სიდუხჭირემ და ქვეყანაში გამეფებულმა პოსტპუტჩისტურმა წნეხმა გადამაწყვეტინა. ეს იყო მაშინ გადარჩენის გზა, ყველაფერს გაქცეოდი და შენი მორალური  პრინციპები შეგენარჩუნებინა; აღარაფერს ვამბობ ოჯახისა და გარშემომყოფების შიმშილისგან დახსნაზე, რაც ალბათ უპირველესი ამოცანა იყო მაშინ ყველა ემიგრანტისთვის. გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა… თითქმის ერთი წელი ვფიქრობდი, მაგრამ როცა ყველა გზა გადაიკეტება, როცა სხვა გამოსავალს აღარ გიტოვებს ცხოვრება, შენც თავდაღუნული მიდიხარ იქით, საითაც მიგერეკებიან და ჩვენ პირველი ემიგრაცია ვიყავით, რომელიც ზუსტად ბატკნის ფარასავით გაგვრეკეს ქვეყნიდან.

– სწორედ ემიგრანტობაში შექმენით ორგანიზაცია, რომელმაც უამრავი ადამიანი გააერთიანა -„ქართული სალონი“, თესალონიკში შეხვედრების და ლიტერატურული საღამოების ორგანიზატორი გახდა…

– ოცი წელი საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში გავატარე. სწორედ იქ, მეგობრებთან ერთად, ჩამოვაყალიბე ემიგრანტული ლიტერატურული გაერთიანება სახელწოდებით „ქართული სალონი“. ამ სალონში გამოიცა ჩემი პირველი კრებული, სადაც ძირითადად ბავშვობისა და სტუდენტობის დროინდელი ლექსები და თარგმანები იყო თავმოყრილი. (ხოლო მეორე კრებული „სექტემბრის წვიმები“ 2017 წელს, დაბრუნების შემდეგ გამოვიდა.) სალონი დიდი წარმატებითა და სიყვარულით სარგებლობდა იქაურ ემიგრანტებში და მრავალი შეხვედრის თუ ლიტერატურული საღამოს ორგანიზატორი გახდა.

– სწორედ ამ სალონში ჩაეყარა საფუძველი ახალ პროექტს, რა ისტორია აქვს ,,ემიგრანტის წერილს“?

– ,,ქართულ სალონში“ გაჩნდა იდეა საერთაშორისო ემიგრანტული ლიტერატურული კონკურსისა, რომელიც პირველად 2014 წელს ჩავატარეთ სახელწოდებით „ემიგრანტის წერილი“ და მას შემდეგ, თითქმის ყოველწლიურად ტარდება.

სამშობლოდან შორს ყოფნამ, ქართველ ემიგრანტებში ნოსტალგია გამოიწვია, რამაც ბევრ მათგანს ხელში კალამი ააღებინა. ასევე, ემიგრაციაში მოხვდა შემოქმედებითი ინტელიგენციის დიდი ნაწილიც, რომელიც იქ  აგრძელებს საქმიანობას. ეს კარგად გამოჩნდა განსაკუთრებით სოციალური ქსელის განვითარების შემდეგ, სადაც დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ჩვენი ემიგრანტების შემოქმედება. ამან გააჩინა სურვილი, ემიგრანტული ლიტერატურის შეკრებისა და უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის სულიერი საზრდოს მიწოდებისა, რათა მათ უცხოეთში მიტოვებულად არ ეგრძნოთ თავი, ჰქონოდათ სამშობლოსთან თავიანთი ნაფიქრ-ნააზრევის გაზიარების საშუალება. არ მოსწყვეტოდნენ თავიანთ კულტურულ ფესვებს… ეფიქრათ და ეაზროვნათ ქართულად, ეწერათ ქართულად, შვილებში ინტერესი ჩაენერგათ ყოველივე მშობლიურის.

– და დღეს რა ეტაპზეა ეს კონკურსი?

– დღეისათვის გამოცემულია კონკურსის პრიზიორთა და ფინალისტთა 4 კრებული. 2016 წელს დაწესდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის პირველი პრიზი, მისი ცნობილი რომანის „გველის პერანგის“ მთავარი გმირის მოსახელე, „არჩიბალდ მეკეში“, რომელიც კონკურში გამარჯვებულებს  გადაეცემათ. პრიზი დამზადდა  საქართველო-ისრაელის დიზაინერ მეწარმეთა ასოციაციის მიერ (ხელმძღვანელი ბატონი მაქს მეირ შავიტი).

– 2014 წლიდან, დაუბრუნდით სამშობლოს, მაგრამ არ წყვეტთ კავშირს ემიგრანტებთან და აქტიურად აგრძელებთ საქმიანობას. მოგვიყევით ემიგრანტ შემოქმედთა მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ფონდის შესახებ, როგორ შეიქმნა და რას საქმიანობს? პროექტების ჩამონათვალი შთამბეჭდავია. ალბათ, უამრავი ნიჭიერი ადამიანიც აღმოაჩინეთ…

– 2014 წელს დავბრუნდი საქართველოში და  კონკურსის ჩატარების ადგილიც შეიცვალა. ახლა, კონკურსი სამშობლოდან ეხმიანება ყოველწლიურად ემიგრანტებს და ემიგრანტ შემოქმედთა მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ფონდის ეგიდით ტარდება. ეს ფონდი, 2016 წელს დავაფუძნეთ მე და ჩემმა აქაურმა მეგობრებმა, რომელთაგან ზოგი ისევ ემიგრაციაშია, ზოგი კი სამშობლოში დაბრუნდა. ფონდი მხოლოდ ამ საქმიანობით არ შემოიფარგლება. 2017 წელს, ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს გახლავთ ემიგრანტული შემოქმედების ფესტივალი „ემარტ. ჯი“ (EMART.GE) რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ შემოქმედ ემიგრანტთა და ბავშვთა ემიგრანტული მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ანსამბლების ნიჭიერი, შემოქმედი  პატარა ემიგრანტების თავმოყრა სამშობლოში და მათი შემოქმედების წარმოჩენა ქართველი საზოგადოების წინაშე; კონცერტების, გამოფენების და სხვა შემოქმედებითი აქტივობების მოწყობა მათი მონაწილეობით, საქართველოში მცხოვრებ თანატოლებთან ერთად; ექსკურსიებისა და ტურების მოწყობა სამშობლოს უკეთ გაცნობის მიზნით. ფესტივალის პირველი სტუმრები იყვნენ ნიჭიერი პატარები კვიპროსიდან და ამერიკიდან. ბავშვებმა დაუვიწყარი დღეები გაატარეს სამშობლოში. დაათვალიერეს მცხეთა მთიანეთის ღირსშესანიშნაობები, სტუმრობდნენ საქართველოს პარლამენტს, სადაც მათ უმასპინძლა პარლამენტის კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტმა ზვიად კვაჭანტირაძის ხელმძღვანელობით;  საქველმოქმედო კონცერტი გამართეს რუსთავის ქალთა და მოზარდთა პენიტენციალურ დაწესებულებაში. ფესტივალზე წარმოდგენილი იყვნენ ასევე შემოქმედი ემიგრანტები საბერძნეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. მოეწყო ემიგრანტ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.

წელს, საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირთან ერთად, კვლავ ახალი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამოების ციკლი „ქართული ემიგრაცია – წარსული და დღევანდელობა“.

პირველი საღამო მწერალთა სახლის სააქტო დარბაზში, 2019 წლის 12 აპრილს გაიმართა. საღამოს სტუმარი გახლდათ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბალეტმეისტერი ნიკოლოზ მახათელი. ვისაუბრეთ ამ დიდი ხელოვანის საინტერესო ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის შესახებ. დამსწრეებს გავაცანით ასევე, მისი შვილების, პრიმა ბალერინა მაია მახათელის და ბალეტის უძლიერესი ოსტატის, დავით მახათელის შემოქმედება.

ბატონ მახათელს გადაეცა ემიგრანტ შემოქმედთა მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ფონდის მადლობის სიგელი, საზღვარგარეთ ქართული კულტურის წარმოჩენისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებისათვის. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისგან მას ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭა.

– ემიგრანტული შემოქმედების ფესტივალი სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ნიჭიერი, შემოქმედი პატარა ემიგრანტების სამშობლოში თავმოყრას და მათი შემოქმედების წარმოჩენას ახდენს. რა ემოციებით ტოვებენ ხოლმე პატარები სამშობლოს და როგორ ფიქრობთ, მომავალში ბევრი მათგანი დაბრუნდება საქართველოში?

–  ემოციები დიდია და დასამახსოვრებელი. შარშან, ჩვენს ემიგრანტებთან კვიპროსში მომიწია სტუმრობა. კვიპროსის საელჩოში შედგა ჩემი ლექსებისა და თარგმანების მეორე კრებულის „სექტემბრის წვიმების“ პრეზენტაცია. გვეწვივნენ ანსამბლი „იმედი“ შესანიშნავი ქორეოგრაფის თამარ გელაშვილისა და კვიპროსის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის მევლუდ ყაფლანიშვილის ხელმძღვანელობით. ბავშვები, რომელთაც ქართულად მეტყველებაც კი უჭირთ, მოვიდნენ და სულგანაბული ისხდნენ მთელი საღამოს განმავლობაში. ფურცლავდნენ კრებულს და ცდილობდნენ, ამოეკითხათ ქართული სიტყვები. დაინტერესდნენ, კიდევ როდის ჩატარდებოდა ფესტივალი და ჩამოვიდოდნენ საქართველოში. მათ თვალებში დავინახე სურვილი საქართველოში ჩამოსვლის და ვფიქრობ, ეს ჩვენი ფესტივალის დამსახურებაც იყო. ეს საკმარისი არ არის, საჭიროა მათთან ინტენსიური მუშაობა და კონტაქტი, დაინტერესება საქართველოს ისტორიით, ღირსშესანიშნაობებით… მათში იმ ნაპერწკალის გაღვივება, ქართველობა რომ ჰქვია.

– ფონდის მიზნებში, ემიგრანტ შემოქმედთა სამშობლოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობაც შედის. რა მიღწევები გაქვთ ამ მიმართულებით?   

– ფონდში მიმდინარეობს მუშაობა ემიგრანტთა დაბრუნების ხელშეწყობისთვის. ვაპირებთ, მთავრობას შევთავაზოთ რამდენიმე წინადადება ამ კუთხით. ვნახოთ, ყველაფერი დამოკიდებულია, რა ხარისხით იქნება ეს პროცესი წახალისებული ხელისუფლების მიერ.

სამომავლოდ, საკმაოდ ბევრი გეგმა გვაქვს. უპირველესად, ვცდილობთ, შევძლოთ და გავაგრძელოთ ფესტივალი, რომელიც დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული და ვართ ამ სახსრების მოძიების პროცესში. „ემიგრანტის წერილის“ ორგანიზაციულ საკითხებშიც ვფიქრობთ ცვლილებების შეტანას. გვინდა ფორმატის სახეცვლილება, უფრო მეტი შემოქმედი ემიგრანტი რომ წარმოჩინდეს და დამოკიდებული არ იყოს საკონკურსო ჩარჩოზე. ახალი პროექტებიც გვაქვს, რომელთა შესახებაც მოგვიანებით ვიტყვით, როცა მათ საბოლოო სახეს მივცემთ.

– თქვენ გაქვთ კიდევ ერთი საყვარელი საქმე, ლექსებს წერთ. თუ გრჩებათ ხოლმე დრო ბავშვობისდროინდელი ჰობისთვის?

– დიახ, ბავშვობიდან ვწერ,  მაგრამ სერიოზულად ამ საქმეს არასოდეს მოვკიდებივარ. ახალგაზრდულ გატაცებად მივიჩნევდი, როგორც ბევრი ჩემი თანატოლი. ემიგრაციაში კი, ეს გატაცება უფრო გამიმძაფრდა და თანდათან მოთხოვნილებად იქცა. ფრანგულიდან ლექსებს სტუდენტობის დროსაც ვთარგმნიდი. შემდეგ ამას ბერძნულიც დაემატა, მოგვიანებით ესპანური და ბოლოს ინგლისურიდანაც კი გავბედე თარგმნა, ოღონდ ბწკარედის დახმარებით, რა თქმა უნდა.

ლექსი ისეთია, თუ შემოგიჩნდა, ძალიანაც რომ ეცადო, რამდენ ხანსაც არ უნდა ებრძოლო, არ მცალია, ვერ დაგითმობ დროსო, შუაღამისას წამოგაგდებს და საწერ-კალამს მაინც მოგაძებნინებს. აი, თარგმანებზე სამუშაოდ კი მართლა მჭირდება დრო, რომელიც სულ უფრო და უფრო მცირდება და ამის გამო ბევრი თარგმანი მაქვს ოცნებაში, რომელსაც ვერ ვახორციელებ.

– ხომ ვერ წაგვიკითხავთ ერთ ლექსს…

– რადგან ჩვენი თემა ემიგრაციას შეეხება, შემოგთავაზებთ ემიგრაციაში ყოფნისას დაწერილ ლექსს. ის ალბათ, ყველაზე ტრაგიკული ბედის ემიგრანტ ქალს ეძღვნება და გარკვეულწილად საკუთარ ემიგრანტულ განცდებსაც ასახავს…

მედეა

ზაფხულის ცხელ ხვატში ბორგავს ქვის ქალაქი.

თითქოს  ზღვაც შენსავით შეშლილია.

სიყვარულს უერთგულე, მიიღე ღალატი-

ფიქრობ და შენი ფიქრის გეშინია.

ბედისგან გამწარებულ ქალობას მისტირი,

ბალახებს ჩასჩურჩულებ ხვაშიადს;

აქ შენი გამგები არ არის ქვიტკირი,

გმტრობს ეგ ნატიფი კაბის არშიაც.

ეს რა ჩაგსისინა, რა შურისძიება?!

წადი, გაასწარი – სიკვდილი ბედია…

აჯობე შენს სულში ატეხილ ქარიშხალს,

ირბინე სამშობლოს მთებამდე, მედეა!

იქ  შენი წალკოტი გელის და ხელს გიქნევს,

იქ  შენს დაბრუნებას ჯერ კიდევ ელიან;

იქ  სხვა სურნელი აქვს მთებსა და ველ-მინდვრებს,

სხვა სიო ევლება დაბურულ ლელიანს.

მედეა,

გაასწარ ამ სასტიკ ქარიშხალს,

ქვის მხარეს წალკოტის შრიალი არ ესმის…

სანამ  იგემებდე ულმობელ ხელით შხამს,

იქ  წადი, იმ გრძნეულ, ჯადოსნურ მხარეში;

წადი, მტლად დაედე სამშობლოს იარებს,

სულთქმა მიიტანე იმ აღთქმულ მიწამდე;

სანამ შურისგების ბრმა ცეცხლი იალებს,

წადი და  მისებრი შენდობა ისწავლე!

თესალონიკი 2012

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები