„საქართველოში, ჩემს მიწაზე მინდა, სადაც ყველაზე თბილი მზეა“… – მხატვარი „პიკასოს შარვლით“

ბავშვობის არცერთი ოცნება არ აუსრულდა… ხატვა უზომოდ უყვარდა, მაგრამ სკოლის დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში მაინც სხვა განხრით განაგრძო სწავლა. ფუნჯსა და საღებავებს ემიგრაციაში ყოფნისას ვეღარ შეელია. მუშაობით გადაღლილი დღის შემდეგ, როგორც ამბობს, იღებს ფუნჯს და იწყებს „ტილოზე სრიალს“…
იქ, უცხო ქვეყანაში მწვანეხელებიანს ეძახიან, უკვე გადასაყრელ ყვავილებს სიცოცხლეს უბრუნებს. ყვავილების მოვლის გარდა, უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ფისოები, სახელიც შეარქვეს – მადამ კატიავკინა…
ოცნებობს, გააშენოს ბაღი-სამოთხე. საკუთარ სახელოსნოზეც ოცნებობს, სადაც განმარტოვდება და ჩაიკარგება საღებავებში… – მხატვარ ნინო მჭედლიშვილის პერსონა.

– დავიწყოთ იქიდან, რომ ოჯახში მეორე ბავშვი ვიყავი, 6 წლით უფროსი ძმა მყავს. მამა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშად მუშაობდა, დედა რუსთავის სამშობიარო სახლის მელოგინეთა განყოფილების ექთანი იყო.
ვფიქრობ, ხატვის ნიჭი მამისგან დამყვა. მამას უყვარდა ფანქრით ესკიზების მოხაზვა, პირველად მტრედის დახატვა მამისგან ვისწავლე. საბავშვო ბაღში იმდენს ვხატავდი, მასწავლებელს უთქვამს, უეჭველად მხატვარი გამოვაო.
ძალიან მიყვარდა მსახიობების გაჯავრება, კახურად რომ ვთქვათ, ნებისმიერ მსახიობს ხმით ვბაძავდი, აქედან გამიჩნდა დიდი სურვილი, მსახიობი გამოვსულიყავი.

ძმასთან ერთად

კარგად მახსოვს, სკოლაში ჩუმად მხატვრულ კითხვაზე დავდიოდი ისე, რომ დედამ არ იცოდა. შემდეგ მუსიკის მასწავლებელმა გაკვეთილის დრო შეცვალა, და იმ დროს დაემთხვა, წრეზე რომ დავდიოდი. მაშინ გავუმჟღავნე დედას სიმართლე. ხომ გახსოვთ დუმბაძის ოლღა ბებია, ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდესო, ჰოდა დედაჩემსაც სდომებია ჩემი „დოხტურობა“, უბრალოდ არც უკითხავს ჩემთვის, მე მსურდა თუ არა. მაშინ ისეთი დრო იყო, მშობლის წინააღმდეგ ვერ წავიდოდი. სამწუხაროდ, „დოხტური“ ვერ გამოვედი.
– სკოლის პერიოდში ნატურმორტების ხატვა გიყვარდათ…
– სკოლაში ხატვას მე-5 კლასამდე ვსწავლობდით. ხატვის მასწავლებელი მარინა სოროზნიშვილი დიდი იმედებს ამყარებდა ჩემზე, თურმე ნატურმორტების ხატვა მყვარებია. რაც არ უნდა მოეტანა კლასში დასახატად, ყველაფერს დიდი სიყვარულით გულისყურით და გულმოდგინედ ვხატავდი.
ზაფხულის არდადეგებს წნორში ვატარებდი. მახსოვს, პირველად გუაშის საღებავებს და სახატავ ალბომს ვდებდი ჩანთაში. დავჯდებოდი მეორე სართულის კიდეზე, ასანთის კოლოფის ჭრილში გავხედავდი ბუნებას და რასაც იმ ჭრილში

დედასთან ერთად

დავინახავდი, იმას ვხატავდი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბავშვობის არცერთი ოცნება არ ამიხდა.
წლების შემდეგ, ამერიკაში ყოფნის დროს, შვილის და ძმის პორტრეტი შევასრულე ფანქრით. ძმა ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში   ბრუკლინის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მოღვაწეობს, დეკანოზია.
–  იურისტის პროფესიას ეუფლებოდით, მაგრამ ემიგრაციაში წასვლის გამო ვეღარ დაასრულეთ სწავლა…
– იურისტობა ნამდვილად მსურდა და ამიტომაც ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე რუსთავის ფილიალში, მესამე კურსზე დავჯექი, რამდენადაც ეკონომიკის ფაკულტეტი დამთავრებული მქონდა. კურსის დახურვის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში წავედი, სადაც 6 წელი დავრჩი, ამის გამო ვეღარ დავასრულე.
– ბუნების სურათებს ქმნით… ასევე ქვაზე ხატავთ…
– მხოლოდ ბუნების სურათებს არ ვხატავ, მიყვარს ყვავილების ხატვა, და რამდენიმე ტილოზეც დავხატე. ასევე პორტრეტების ხატვაც. პოეტ ნინო ალადაშვილის და მისი ქალიშვილის პორტრეტი დავხატე, ჩემს ფეისბუქმეგობრებს ზოგჯერ ასეთ სიურპრიზებს ვუმზადებ ხოლმე.
ბუნების სურათების ხატვა კი მართლა მიყვარს, თავისუფლებას ვგრძნობ, უფრო ლაღი  და დამოუკიდებელი ვარ.
–  მანდალებით გატაცება რამ განაპირობა?
– მანდალა მართლა ვირუსივით შემეყარა. წარმოიდგინეთ, სამი დალაგების შემდეგ რომ მოხვალ შინ და ქვაზე წერტილების დასმას რომ დაიწყებ… მანდალის ხატვაში სიმეტრია მომწონს, ლამაზად სწორად წერტილების განლაგება. დასრულებისას კი ფაბერჟეს კვერცხს  ან მრგვალ ზარდახშას ჰგავს.
– შთაგონება როგორ მოდის?
– ვზივარ და ვიხედები ფანჯარაში, საიდანაც არაჩვეულებრივი სილამაზის ხედი მოჩანს, ლამაზად მოლივლივე ტბას ვხედავ. ამ დროს ხელისგულები მექავება, ვიღებ ფუნჯს, ვაწობ ზეთში და ვიწყებ ტილოზე სრიალს. მოწამლული ვარ საღებავების სუნით და თავიდან ფეხებამდე საღებავებით ვარ მოთხუპნული. სპეციალური შარვალიც კი მაქვს, პიკასოს შარვალს ვეძახი, დილიდან თუ ჩავიცვი, მორჩა.
ამ ყველაფერს კი ჩემს ახლანდელ მეუღლეს უნდა ვუმადლოდე, გვერდით მყავს არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ყველანაირად მიწყობს ხელს ჩემი მიზნების განხორციელებაში, ყველანაირად მიდგას მხარში.
ხატვა აქ დავიწყე, სერიოზულად აქ მოვკიდე ხელი. 7 წელია ემიგრაციაში ვართ. თან ვმუშაობ, მუშაობის მერე კი ხატვის დროს ვისვენებ.
– ჰობი?
ხატვის გარდა მიყვარს ყვავილების მოვლა…
–  ბავშვობაში გაცრუებული იმედების შემდეგ,  მრავალი წელი გავიდა და, ასე ვთქვათ, საყვარელ საქმეს ჩაუჯექით – ხატავთ…
– სამწუხაროდ, მაშინ დედამ ამიკრძალა ხატვა, მაგით ვერ იცხოვრებო. მამამ ამიკრძალა მსახიობობა. დავკარგე ჩემი „მე“ და დღეს, ამდენი წლის მერე, როცა ნახევარი საუკუნის მოვიყარე, ჩემმა „მემ“ გაიღვიძა და ისე ამოხეთქა, სულის ზეიმია ჩემში. ამიტომაცაა ჩემი სული ბუნებაში ლაღად ნავარდობს. აქ მწვანეხელებიანს მეძახიან, უკვე გადასაყრელ ყვავილებს სიცოცხლეს ვუბრუნებ. მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ფისოები, სახელიც შემარქვეს – მადამ კატიავკინა. ფისოებსაც მიტოვებენ შესანახად.
ამას წინათ, ერთმა ჩვენმა ძალიან ახლო მეგობარმა მითხრა, ნინო, ტალანტი, ნიჭი არ იკარგება, ის ადრე თუ გვიან იჩენს თავოს. იჩინა კიდეც, ამოხეთქა მიძინებული ვულკანივით!
53 წლის ვარ და ბედნიერი კი არა, უბედნიერესი ვარ. ვხატავ, მიხარია, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და მადლობას ვწირავ უფალს ამისთვის.
– რაზე ოცნებობთ?
– მინდა  ოჯახის ყველა წევრი ჯანმრთელი მყავდეს, ვოცნებობ. გავაშენო ბაღი-სამოთხე. შემძლებინოს ღმერთმა, სახელოსნოზეც ვოცნებობ, სადაც განვმარტოვდები და ჩავიკარგები საღებავებში… მომასწროს ღმერთმა.
ბედნიერ საქართველოზე ვოცნებობ, სადაც ყველა ბედნიერი იქნება.
– ოჯახი…
– პირადულზე არ მიყვარს საუბარი. პირველი ქრწინებიდან მყავს არაჩვეულებრივი ვაჟკაცი – 33 წლის, დედისერთა და დედისიმედი.
– შორეული ემიგრაციიდან  როგორია შორიდან დანახული საქართველო და რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?
– შორს ვარ, ძალიან შორს, სადაც 8 თვე ზამთარია, თოვს, წვიმს და მზეც არ ათბობს, ხალხიც ძალიან ცივია. მე საღებავის ფერებით ვთბები, მენატრება საქართველო, მაგრამ გული მტკივა –  დაიცალა, ვინც ახალგაზრდაა, ყველა გარბის საზღვრებს გარეთ. გული მტკივა, ამდენი უბედურება რომ ხდება. არ ვიცი, რა გვჭირს, გაბოროტებულია ხალხი, შიმშილი, სიკვდილი, ავადმყოფობა, მკვლელობა.
მინდა დავბრუნდე და იმაზე ვფიქრობ, საქართველოში რა მეშველება, რა უნდა ვაკეთო, არადა აქაც გაუსაძლისი ხდება ყველაფერი, ვერ ვეგუები აქაურობას. ჩემთან მინდა, ჩემს მიწაზე, სადაც ყველაზე თბილი მზეა, მივესიყვარულები ყველა ემიგრანტს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და სიმხნევეს.
მინდა, რომ ყველა დავბრუნებულიყავით ფეხზე დამდგარ, ეკონომიკურად ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოში.
უფლის წყალობით და შეწევნით ჩვენ დავბრუნდებით, მიყვარხართ და გეფერებით შორიდან!

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები