“ერთხელ ვეზიარე მუსიკას და მოვიწამლე კიდეც სამუდამოდ”- თეონა დვალის იტალიური ცხოვრება და ახალი “პროფესია”
„როგორც მშობლები მიყვებიან, სიმღერა საუბრის პარალელურად დამიწყია. 3 წლის ვიყავი, როცა საკმაოდ გამართულად და სწორად ვმღეროდი. ჩვენს ოჯახში ძალიან უყვართ მუსიკა. ყველა მღერის, მაგრამ მე ერთადერთი ვარ, ვინც სიმღერა პროფესიად გაიხადა“ – ამბობს ქართველი მომღერალი თეონა დვალი, რომელიც წლებია იტალიაში ცხოვრობს.
მისი წარმატების გზა საქართველოდან, ლასკალას გავლით, იტალიაში გრძელდება. კარიერის განმავლობაში ლეგენდარულ ვარსკვლავებთან ერთად მრავალ ოპერაში მიუღია მონაწილეობა და რა თქმა უნდა, უმღერია ქართულადაც. მათ შორის იაპონიაში იმპერატორთან შეხვედრისასაც.
წარმატებული კარიერა იტალიაში და კონცერტები ლეგენდარულ მუსიკოსებთან ერთად თეონა დვალის ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი იყო მანამ, სანამ ყველაფერს არანაკლებ მნიშვნელოვანი „პროფესია“ – დედობა დაემატებოდა.
ახლა ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი იტალიაში მეუღლესა და მატილდესთან, 2 კვირის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს და „ქართული კვირის“ შეკითხვებს ქალაქ ფაბრიანოდან პასუხობს.
_ როგორ შემოვიდა მუსიკა და ხელოვნება თქვენს ცხოვრებაში?
_ მუსიკა ჩემს ცხოვრებაში იყო თავიდანვე, რაც თავი მახსოვს. წესიერად, მგონი, ვერც ვლაპარაკობდი, მაგრამ უკვე ვმღეროდი საკმაოდ გამართულად. დედის მონაყოლიდან ვიცი, რომ კარგი სმენა მქონდა და ხმიდან ხმაზე არასდროს გადავდიოდი. დედაც პროფესიით მუსიკოსია და უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. მამეცადინებდა კიდეც და თან ადრეულ ასაკშივე შემიყვანა მუსიკაზე. ერთხელ ვეზიარე ამ დიდ ხელოვნებას და მოვიწამლე კიდეც სამუდამოდ”
_ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც თქვენს წარმატებაში წვლილი მიუძღვით?
_ სინამდვილეში ჩემს წარმატებაში ძალიან ბევრ ადამიანს მიუძღვის წვლილი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრებს, მშობლებს, განსაკუთრებით დედას, რომელმაც ჩემ გამო თავი გადადო და მე დამითმო საკუთარი ცხოვრება. ყველგან გავყავდი, კონკურსებზე, ფესტივალებზე… დედის დამსახურებაა, რომ მე ჩემი თავის ვირწმუნე და დავიჯერე. ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში ჩემს პედაგოგს, არაჩვეულებრივ ადამიანს ქალბატონ გულიკო კარიაულს, რომელმაც მრავალი ვარსკვლავი აღუზარდა მსოფლიო სცენებს, მას მე მოფერებით ვოკალურ დედასაც კი ვუწოდებ. ის რომ არა, მე ვერ შევძლებდი ნამდვილად იმ წარმატების მიღწევას, რაც მაქვს. თქვენი მეშვეობით, მინდა, მას აქედანვე მოვეფერო და დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, იმ დაუღალავი შრომისთვის რაც გაწია ჩემთვის და რასაც დღემდე აგრძელებს.
_ ბავშვობასა და ადრეულ პერიოდზეც რომ მოგვიყვეთ, როგორი იყო იმდროინდელ საქართველოში თქვენი ცხოვრება?
_ სიმართლე გითხრათ, ბავშვობა მქონდა არაჩვეულებრივი, ძალიან ლაღი, მუდამ მუსიკის თანხლებით. როგორც აღვნიშნე, სულ ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალებსა თუ საბავშვო კონკურსებში, მრავალი კონკურსის გამარჯვებული ვარ, მაგრამ განსაკუთრებით მახსენდება ბორჯომში გამართული “ბროლის ნაძვი”, რომლის გრან-პრიც მოვიპოვე. იმ წელს კონკურსის თავმჯდომარე გახლდათ ქალბატონი ნანი ბრეგვაძე, რომელმაც მაშინ დიდი კარიერა მიწინასწარმეტყველა. ეს პერიოდი დიდი სიყვარულით მახსენდება ყოველთვის.
_ როგორ და რატომ წახვედით იტალიაში ?
_ იტალიაში პირველად წავედი 2008 წელს, ქალაქ რომში გამოჩენილი მომღერლისა და ჩემი კუმირის, რენატა სკოტოს მასტერკლასზე. ენით აღუწერელია ის ბედნიერება, რაც მე მაშინ განვიცადე. ვეზიარე მის დიდ გამოცდილებას, ჩავუღრმავდი კიდევ უფრო ვოკალურ ტექნიკას, ინტერპრეტაციას. მასთან მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა შემდეგში ყველანაირად, მადლიერი ვარ ბედის და ღმერთის, რომ რენატას შემახვედრა.
_ რა სირთულეები შეგხვდათ უცხო ქვეყანაში და როგორ მოახერხეთ, ყოფილიყავით წარმატებული?
_ სირთულეებიც ახლდა, რა თქმა უნდა, მაგალითად ის, რომ იტალიურად ვერ ვსაუბრობდი. შემდეგ მალევე გავიჩინე მეგობრები, რომლებიც მაიძულებდნენ იტალიურად მელაპარაკა, მალევე შევისწავლე ენაც. სირთულეც იყო ისიც, რომ მარტო ვიყავი, ოჯახის გარეშე, თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ძალები მოვიკრიბე, ვიცოდი, რომ ჩემს თავს ამით ვაძლიერებდი, ნელ-ნელა კარგ აკომპანიატორთან მეცადინეობა და მოსმენებზე სიარულიც დავიწყე. ამიყვანა კარგმა სააგენტომ და სხვადასხვა თეატრებშიც მოვხვდი.
_ ბევრ სპექტაკლში მიგიღიათ მონაწილება – რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი როლი და პარტია?
_ ბევრია საყვარელი როლი, ვერ გამოვყოფდი. ზოგადად, არ არსებობს ადვილი პარტია, ყველა თავისებურად რთულია და კარგი მომზადება სჭირდება, ტექნიკურად დახვეწა და ასე შემდეგ. თუმცა , ალბათ მაინც ჩემი საყვარელი პარტიებია მოცარტის ოპერებიდან, ასევე ვიოლეტა ვერდის “ტრავიატაში”, ადინა დონიცეტის “სიყვარულის ნექტარში” …
_ ალბათ, არასდროსაა ყველაფერი ისეთი მარტივი და იდეალური, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და წარმატების მიღმა იმალება ადამიანური ისტორიები და სირთულეები, რომელთა გადალახვაც მოგიწიათ…
_ ამ ყველაფრის მიღმა, რა თქმა უნდა, არის ცხოვრებისეული ისტორიები და არც ისე ადვილიც. მაგალითად, მე ხმის ნევროზი დამემართა, ერთ დღეს ხმა წამივიდა და გონებაში ჩავინერგე, რომ აღარ დამიბრუნდებოდა… მიტრიალებდა მხოლოდ ნეგატიური აზრები, რაც, საბედნიეროდ, არც ისე დიდხანს გაგრძელდა. ძალიან დამეხმარნენ და მხარში ამომიდგნენ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეუღლე, რომლის გარეშეც არაფერი გამომივიდოდა. მიხარია, რომ წარსულს ჩაბარდა ეს ამბავი, ახლახან პატარაც გაგვიჩნდა და მალე დავუბრუნდები კიდეც ჩემს საყვარელ საქმიანობას.
_ “იმდენად ბედნიერი ვარ, რომ მეშინია ამ სიტყვების თქმის, მაგრამ მინდა, ყველამ გაიგოს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მსოფლიოს გავაგებინებდი, როგორი ბედნიერი ვარ!…“ – ამბობთ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენს ოჯახზე საუბრისას. როგორ ახერხეთ ერთმანეთთან შეათავსოთ კარიერა და ოჯახი?
_ ჯაკომომ მოინდომა და ახლა არაჩვეულებრივად წერს და კითხულობს ქართულად. უზომოდ გამიმართლა, რომ შემხვდა ისეთი ადამიანი, როგორიც ჯაკომოა, ის საოცარი მელომანია და ზედმიწევნით კარგად იცნობს და იცის ყველაფერი ჩემი პროფესიისა და ხმის შესახებ, არაჩვეულებრივად მღერის თვითონაც ,ხშირად მამეცადინებს და ამით უდიდესს სიამოვნებას იღებს, გვერდში მიდგას და ყველაზე ბედნიერია, როცა ვმღერი, ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა, არც კი ვიცი. ახლახან კი გაგვიჩნდა პატარა მატილდე – კიდევ უფრო გაგვიფერადდა ცხოვრება, ჯაკომოსაც ერთი სული აქვს როდის დავუბრუნდები სიმღერას.
_ რამდენად მჭიდრო კავშირი გაქვთ საქართველოსთან და რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
_ საქართველოსთან, რა თქმა უნდა, მჭიდრო კავშირი მაქვს, ხშირად ჩავდივართ და ვმეცადინეობ ქალბატონ გულიკო კარიაულთან, ყველაზე ძალიან კი ჩემი ოჯახი მენატრება, ჩემი მეგობრები და მიხარია, რომ ხშირად ვახერხებთ ჩასვლას, სააღდგომოდ ჩავალ ალბათ და პატარა მატილდესაც ჩავიყვან.
_ შეცვალა დედობამ თქვენი გეგმები?
_ ჩემს გეგმებში ჯერჯერობით მხოლოდ დედობა შედის, რადგან მატილდე სულ რაღაც ორი კვირისაა, მაგრამ მალე დავუბრუნდები კარიერას და გპირდებით, თქვენც არ გამოგაპარებთ სიახლეებს!
ავტორი: თამუნა ზარანდია