შესაძლოა, ესტონეთი “ევროვიზია 2020-ის” კონკურსზე საქართველოზე დაწერილი სიმღერით წარსდგეს
Georgia on my mind – ასე ჰქვია ესტონელი მუსიკოსის, ეგერტ მილდერის სიმღერას, რომელიც საქართველოს ეძღვნება. მუსიკოსი ევროვიზია 2020-ის შესარჩევ, შიდარესპუბლიკურ ტურში მონაწილეობს და კონკურსზე საქართველოზე დაწერილ სიმღერასა და საქართველოშივე გადაღებულ ვიდეორგოლს წარადგენს.
„Eesti Laul 2020“-ის კონკურსს ესტონეთის ეროვნული მაუწყებელი „Eesti Rahvusringhääling (ERR)“ ყოველწლიურად ატარებს. გამარჯვებულ სიმღერას კი ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე წარადგენს.
„Georgia on my mind-ის“ მუსიკა და ტექსტი კასპარ კალუსტის, მატეო კაპრეოლისა და ეგერტ მულდერის მიერაა შექმნილი. ვიდეორგოლის რეჟისორი კი მარტ ვარესი გახლავთ.
ეგერტ მილდერი ცნობილი ესტონელი მომღერალია, რომელიც მუდმივად მოგზაურობს- მისი მუსიკა კი მსოფლიო კულტურასა და განსხვავებულ ჟღერადობებს აერთიანებს. „მისი ბგერები ღრმად არის გაჟღენთილი მსოფლიო მუსიკით და ასახავს საიდუმლო შთაგონებას ფილიპინებიდან თუ ნიკარაგუადან საქართველოს კავკასიონის მთებამდე“ – წერს ესტონური გამოცემა.
კონკურსის ფინალი 29 თებერვალს ტალინში გაიმართებავ და გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის ქულების ჯამის საფუძველზე გამოვლინდება.