ლევან გელოვნიშვილი – „ვქმნი, ვასწავლი და ვუზიარებ, რათა თიხა კვლავ ისტორიად იქცეს, ხოლო ისტორია მომავალად“

უკვე ოცდაათ წელზე მეტია, მისი ცხოვრება ქართულ კერამიკას უკავშირდება. ამ წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კერძო სტუდია-სახელოსნოში, შექმნა ათასობით კერამიკული ნივთი და მუდმივად ეძებდა გზებს, როგორ შეენარჩუნებინა და განევითარებინა ჩვენი ტრადიციული კერამიკული მემკვიდრეობა. ბოლო ათი წელია საკუთარი სტუდია-სახელოსნო „თიხატარა“ აქვს, სადაც აწარმოებს კერამიკულ ნაწარმს, ასწავლის მხატვრულ კერამიკასა და ამოყვანის ხელოვნებას, ატარებს ინდივიდუალურ გაკვეთილებსა და ჯგუფურ მასტერკლასებს ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის. ლევან გელოვნიშვილისთვის ეს საქმიანობა მხოლოდ პროფესია არასოდეს ყოფილა. ეს მისი ცხოვრების წესი, პასუხისმგებლობა და მოწოდებაა — შეინარჩუნოს ის ცოდნა, რომელიც წინამორბედებისგან მიიღო, გაამდიდროს საკუთარი გამოცდილებით და მომავალ თაობებს გადასცეს.

– რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე, ჩემი შემოქმედებითი სივრცე, ჩემი სტუდია-სახელოსნო “თიხატარა” ქალაქის აურზაურისთვის მომეშორებინა და საგურამოში, ბუნების შუაგულში გადამეტანა. მინდოდა, მემუშავა იქ, სადაც მიწის სურნელი, ქარის ხმა და სეზონების ცვლა ყოველდღიურად შემახსენებდა, რომ თიხა ბუნების ნაწილია და მასთან მუშაობაც სწორედ ამ ბუნებრივ ჰარმონიას უნდა ეყრდნობოდეს. მას შემდეგ „თიხატარა“ ჩემთვის იქცა ადგილად, სადაც თიხა, ადამიანი და ბუნება ერთ მთლიანობად ერთიანდება. ეს ჩემთვის მხოლოდ სამუშაო სივრცე არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ტრადიცია ცოცხლობს, გამოცდილება ცოდნად გარდაიქმნება და თიხა ისტორიად იქცევა. როდესაც თიხას ვეხები, ვგრძნობ, რომ მხოლოდ ნივთს არ ვქმნი. მე ვაგრძელებ ისტორიას, რომელიც საუკუნეების წინ დაიწყო და დღესაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას.

– თქვენს საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი ქართული კერამიკის ერთ-ერთ უძველეს და გამორჩეულ ტექნიკას – შავკრიალას უჭირავს…

– შავკრიალა ქართული ტრადიციული კერამიკის ნამდვილი საგანძურია. მისი დამზადების მეთოდი განსაკუთრებულ ცოდნას, დიდ გამოცდილებასა და სპეციფიკურ ტექნოლოგიურ პირობებს მოითხოვს. სამწუხაროდ, ეს უნიკალური ტრადიცია თანდათან მივიწყებას ეძლევა და სულ უფრო ცოტა ოსტატი აგრძელებს მის განვითარებას. წლების განმავლობაში შავკრიალას მეთოდით მცირე მოცულობით ვამზადებდი კერამიკულ ნივთებს და დავრწმუნდი, რომ ამ ტექნიკით შექმნილ ნამუშევრებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებელთა გულებში. მათ ჰყავთ ერთგული დამფასებლები, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან ახალ ნამუშევრებს. საერთაშორისო გამოფენებზე, რომლებშიც ბალტიისპირეთში, უზბეკეთსა და თურქეთში მივიღე მონაწილეობა, განსაკუთრებული ინტერესი სწორედ შავკრიალამ გამოიწვია. დამთვალიერებლები აღფრთოვანებით ეცნობოდნენ ამ უნიკალურ ქართულ ტექნიკას და ხაზს უსვამდნენ მის თვითმყოფადობას. ეს მაძლევს რწმენას, რომ შავკრიალას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც.

დღეს ჩემი სტუდია წარმატებით ფუნქციონირებს, თუმცა შავკრიალას წარმოების გაფართოება შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას საჭიროებს. ძალიან  მნიშვნელოვანი იყო თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობა, თანადაფინანსებით შევძელი მუფელის ღუმლის შეძენა, რომელმაც საშუალებას მომცა ავამუშაო შავკრიალას ახალი საწარმოო ხაზი, გავზარდო წარმოების მოცულობა, გავაუმჯობესო პროდუქციის ხარისხი და საერთაშორისო ბაზარზე წარვადგინო ქართული ტრადიციული კერამიკა. მჯერა, რომ ეს იქნება არა მხოლოდ ჩემი სახელოსნოს განვითარების, არამედ ქართული ტრადიციული კერამიკის აღორძინების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

 წლების განმავლობაში უამრავ ადამიანს შეასწავლეთ და შეაყვარეთ კერამიკა…

– მივხვდი, რომ კერამიკოსის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მხოლოდ ნივთების შექმნა არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება და ტრადიციის გაგრძელება. ჩემს სტუდიაში უამრავი მოსწავლე ეზიარება მხატვრულ კერამიკასა და ამოყვანის ხელოვნებას. მათ შორის ბევრი დღეს უკვე დამოუკიდებლად მუშაობს, აქვს საკუთარი სახელოსნო და ამ საქმიანობით საკუთარ მომავალს ქმნის.

ახალგაზრდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. რამდენიმე წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდი გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთანაც, სადაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის შემოქმედებითი სივრცეების შექმნა. როდესაც ახალგაზრდა ადამიანი საკუთარი ხელით ქმნის კერამიკულ ნივთს, ეს მხოლოდ ტექნიკური უნარის შეძენა არ არის. ეს არის ემოციური კავშირი საკუთარ კულტურასთან, ფესვებთან და ისტორიასთან.

თუ ახალგაზრდებს ქართულ კერამიკას შევაყვარებთ, ისინი მხოლოდ მისი შემსწავლელები აღარ იქნებიან — ისინი გახდებიან მისი მცველები და გამგრძელებლები.

– თიხასთან მუშაობა ხშირად „ხელების იოგასაც“ კი უწოდებენ, რადგან მას უნიკალური თერაპიული ძალა აქვს, რაში ეხმარება ის ადამიანს?

– თიხასთან მუშაობა მოთმინებას, ყურადღებასა და შინაგან სიმშვიდეს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში კერამიკა არტთერაპიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. ჩემს სახელოსნოში არაერთ ადამიანს აღმოუჩენია საკუთარი შესაძლებლობები, თავდაჯერებულობა და შემოქმედებითი თავისუფლება. მჯერა, რომ ხელოვნებას შეუძლია არა მხოლოდ ნივთების შექმნა, არამედ ადამიანების ცხოვრების შეცვლაც.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი სამომავლოდ?

– ხშირად ვფიქრობ, რომ თიხას მეხსიერება აქვს. ის ინახავს მიწის სითბოს, ადამიანების შრომას, მათ გამოცდილებას, სიხარულსა და ტკივილს. მასში ცოცხლობს იმ თაობების კვალი, რომლებმაც ეს ცოდნა ჩვენამდე მოიტანეს. სწორედ ამიტომ, ქართული კერამიკის შენარჩუნება მხოლოდ ხელობის გადარჩენა არ არის. ეს არის ჩვენი ისტორიის, კულტურული იდენტობისა და ეროვნული მეხსიერების დაცვა. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ შავკრიალას ცეცხლი არ ჩაქრეს; რომ მომავალმა თაობებმა იცოდნენ და შეიყვარონ ეს უნიკალური ხელოვნება; რომ იგრძნონ — არსებობს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეკუთვნის და რომლის თითოეულ ნაკვალევშიც ჩვენი ქვეყნის სული ცოცხლობს. ამ რწმენით ვაგრძელებ მუშაობას. ვქმნი, ვასწავლი და ვუზიარებ, რათა თიხა კვლავ ისტორიად იქცეს, ხოლო ისტორია — მომავალად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები