თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ნევადის უნივერსიტეტის რვა სტუდენტი და 3 პროფესორი ეწვევა
2026 წლის 23 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან ნევადის უნივერსიტეტის (The University of Nevada, Las Vegas) პროფესორები, ქორეოგრაფიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლუის კავურასი, სახვითი ხელოვნების კოლეჯის დეკანი, მუსიკის საპატიო პროფესორი ნენსი აშერი და ქორეოგრაფი ჯეისონ ჰორტინი და 8 სტუდენტი.
ამერიკელი სტუდენტები შეისწავლიან ქართულ ცეკვებს, გაეცნობიან შესრულების ტრადიციებს, დაესწრებიან მასტერკლასებს და რეპეტიციებს. ინფორმაციას თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროფესორი ლუის კავურასი ჩაატარებს თანამედროვე ცეკვის და ჯაზის მასტერკლასებს დრამის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ხოლო ქორეოგრაფი ჯეისონ ჰორტინი ჩაატარებს ჯაზის ცეკვის მასტერკლასს, პროფესორი ნენსი აშერი კი – პანელურ დისკუსიას. პანელური დისკუსია გაიმართება უმაღლესი განათლების, ინოვაციების, ხელოვნების ტრანსფორმაციული ბუნებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრა მიზნად ისახავს ამ საკითხების ირგვლივ აკადემიური და პროფესიული დიალოგის გაღრმავებას.
27 მაისს, 19:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე, გაიმართება კონცერტი ქართველი და ამერიკელი სტუდენტების მონაწილეობით.
კონცერტი ეძღვნება საქართველოსა და ამერიკას შორის მეგობრობასა და აშშ-ს 250 წლის იუბილეს.