გერმანიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ორგანიზებით, ქართული ღვინის პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა, რომლებსაც ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი, ღვინის მწერალი და ექსპერტი რობერტ ჯოზეფი, ღვინის მაგისტრები კონსტანტინ ბაუმი და იანეკ შუმანი უძღვებოდნენ. დეგუსტაციებზე განსაკუთრებული აქცენტი ქვევრის ღვინოებზე გაკეთდა. ქართულ ღვინოსთან ერთად, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო და გასტრონომია.

გამოფენას საქართველოს კონსული ქალაქ მაინის ფრანკფურტში რუსუდან ვარდოშვილი დაესწრო. ProWein Dusseldorf-ზე ღვინის წარსადგენად ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.

საქართველო გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ ოცდამეექვსედ მონაწილეობდა. გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათეულ ათასობით სტუმარს მიეცა, რასაც გაყიდვების ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

წელს გამოფენაზე „ProWein Dusseldorf“ მსოფლიოს 50 ქვეყნის 2400-მდე ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები