თურქი არქეოლოგების მოსაზრებით არტანუჯის ციხესიმაგრეში სავარაუდოდ აღმოჩენილია ქართველი მეფის, აშოტ კურაპალატის სამარხი
Van Yüzüncü Yıl უნივერსიტეტისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არტანუჯის ციხე-ქალაქში (თურქული სახელწოდება გევერნიკი), პეტრესა და პავლეს ეკლესიის ნანგრევების ქვეშ, აღმოაჩინა სამარხი, რომელიც, მათი თქმით, სავარაუდოდ დიდ ქართველ მეფეს – აშოტ I (კურაპალატს) ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ აკლდამაში ნეშტი არ უპოვიათ, მისი მდებარეობა ზუსტად შეესაბამება შუა საუკუნეების წყაროებში სამარხის შესახებ არსებულ ჩანაწერებს. ეს აღმოჩენა ისტორიული წყაროების პირველი არქეოლოგიური მტკიცებულებაა.
სამარხის გარდა, არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს საერთო სამზარეულო (თონე) და წყალსაცავების ფართო სისტემები. ასევე აღმოჩენილია ადრეული მე-11 საუკუნის ბიზანტიური მონეტები, კერამიკული ფრაგმენტები, ქვისა და მეტალის საბრძოლო მასალა.
ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ, არტეფაქტებს ართვინის მუზეუმში გადაიტანენ.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ არქეოლოგიური გათხრების ადგილზე, სადაც თურქმა კოლეგებმა გააცნეს მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები და ახალი მნიშვნელოვანი აღმოჩენები, მათ შორის გამოვლენილი სამარხიც.
იმის გათვალისწინებით, რომ სამარხში არ იყო ნეშტი და არც რაიმე სახის წარწერა, ქართველ მკვლევართა აზრით, სამარხის აშოტ კურაპალატისადმი კუთვნილების დასადასტურებლად, აღმოჩენას დამატებითი კვლევა და ანალიზი სჭირდება.
სააგენტო მიესალმება თურქი კოლეგების ძალისხმევას, მეცნიერულად შეისწავლონ არტანუჯის ციხე, რომელიც წარსულში ტაო-კლარჯეთის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა“, – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.