საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ჩინგიზ აითმათოვის სახელობის ყირგიზეთის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლები ესტუმრნენ

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ჩინგიზ აითმათოვის სახელობის ყირგიზეთის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლები: აინურა კადერმანბეტოვა, ნურზინა ისაევა და აიდა ჯაქფბეკოვა ესტუმრნენ.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, გაიმართა შეხვედრები ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ კონსტანტინე გამსახურდიასთან, მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორ ემზარ ჯგერენაიასთან და ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომლებთან.
ყირგიზი მეცნიერები ცნობილი ყირგიზი მწერლის, ჩინგიზ აითმათოვის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ენციკლოპედიაზე მუშაობენ და მწერლის შესახებ საქართველოში დაცულ მასალებს ეცნობიან.
ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა დარეჯან თეთრაშვილმა და თამარ ხიზამბარელმა ყირგიზ სტუმრებს ჩინგიზ აითმათოვის შემოქმედებაზე მათ მიერ მომზადბული ბიბლიოგრაფია და სხვა მასალები გააცნეს.
„ჩინგიზ აითმათოვის ნაწარმოებები ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან. ეროვნული ბიბლიოთეკა აქტიურად ითანამშრომლებს ყირგიზ მეცნიერებთან მწერლის დაბადებიდან ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ენციკლოპედიის მომზადებაში, რომელიც 2028 წელს გამოვა. მზად ვართ ყირგიზ კოლეგებს მწერლის შესახებ დაცული მასალების გაციფრულებული (დასკანერებული) ვერსიები გადავცეთ. მსგავსი თანამშრომლობა აუცილებელია ორ ერს შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები