21-22 ივნისს ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს
21-22 ივნისს, ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.
“ჩატარების ადგილის მსგავსად უცვლელი იქნება ფესტივალის სლოგანიც „ზაფხული იწყება აქ“. ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალო სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ. ფესტივალი 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება. შემდეგ კი სცენა დაეთმობა ადგილობრივ და მოწვეულ ბენდებს „ურსა“, „თიკა ბალანჩინი & NEW ONE“, „რეგიონი“, „კახაბერი და ხანუმები“, „მიქსტურა“, „La Fiesta“, „Moonlight“, „The Emotion“ და „Four Up“. GJ ჩიკისთან ერთად საინტერესო მუსიკალურ ნომერს წარმოადგენს ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდიც.
ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცეში 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი იფუნქციონირებს, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებენ. იქვე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც 150-მდე მეწარმე წარმოადგენს თავიანთ პროდუქციას. ზაფხულის ფესტივალს წელსაც დაამშვენებს ფრანების შოუ, რომლის ნახვაც ზღვის სანაპიროზე დღის 12 საათიდან იქნება შესაძლებელი. ფესტივალს დიჯეები DJ Guri de Sal და DJ ბენე დაასრულებენ,”- ნათქვამია ინფორმაციაში.