მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2025“ გაიმართება
10 მაისს, მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2025“ გაიმართება.
„ახალი ღვინის ფესტივალი 2025“ სტუმრებს ბოლო მოსავლის (2024 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას ჰპირდება.
ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.
„2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს გვასინჯებენ.
ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.
ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 10 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2024 წლის) საუკეთესო ღვინოებს.
ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც გავსინჯავთ და მოგვეწონება“, – ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ღვინის ფესტივალი 2025 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება 10 ყუთი საუკეთესო ღვინო და სხვა.
ფესტივალის სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ღვინის კლუბი.