საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ქართველი მოჭიდავეები დიმიტრი ხაჩიძე (60კგ) და ანრი ხოზრევანიძე (67კგ) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
დიმიტრი ხაჩიძემ ფინალში ისრაელელ მეტოქეს ფეტენე მელკამუს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე დანიელი და თურქი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ მოწინააღმდეგეს სძლია.
ანრი ხოზრევანიძემ ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ჰლებ მაკარანკა დაამარცხა. ფინალამდე იტალიელი და პოლონელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ მოწინააღმდეგეს სძლია.
ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლუკა გაბისონიამ (97 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სერბი ლუკა კატიჩი დაამარცხა. მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე პოლონელ და ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალი კი ესტონელ მოჭიდავესთან დათმო.
ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 23 -წლამდელთა პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა და გუნდურ პირველ ადგილსაც დაეუფლა.
დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ) და ანრი ხოზრევანიძემ (67 კგ) ჩემპიონობა იზეიმეს; ვერცხლის მედალი აიღო კობა ქარუმიძემ (55 კგ); ბრინჯაოს მედლები კი რომეო ბერიძემ (63 კგ), საბა ჩილაშვილმა (130 კგ) და ლუკა გაბისონიამ (97 კგ) მოიპოვეს.