საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ხორვატიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრები – მარიამ ფროდიაშვილის, მარიამ აბრამიშვილისა და მარიამ მარშავას შემადგენლობით, 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტით სროლაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენებმა ფინალში თურქეთის ნაკრები ანგარიშით 16:12 დაამარცხეს.
საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრები გასულ წელს ტურნირის ვიცეჩემპიონი გახდა.
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს ვაჟ ტყვიის მსროლელთა ნაკრებმაც – გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, მათ ფინალში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 16:6 სძლიეს.
გუნდურ ჩათვლაში 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში ოქრო გოგონათა ნაკრებმა – მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით – მიიღო. მათ 1711 ქულა დააგროვეს, რაც ევროპის რეკორდია.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი მარიამ აბრამიშვილი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.