პარიზში ქართული ღვინო სამ ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მიმდინარე კვირაში, ქართული ღვინო სამ ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი.
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ გამოფენაში „VinExpo Paris“, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის 13 კომპანია: „თბილღვინო“, „GWS“, „მეღვინეობა შუმი“, „მეღვინეობა ხარება“, „შატო მუხრანი“, „თელიანი ველი“, „ასკანელი“, „მეღვინეობა შილდა“, „მეღვინეობა ჩელთი“, „BOLERO & COMPANY“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ქინძმარაულის ღვინის მარანი“ და „მეღვინეობა იყალთო“ მონაწილეობდა.
სამდღიან გამოფენაში მსოფლიოს 40-მდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი. ქართულ ღვინოს პროფესიონალები, იმპორტიორები და ექსპერტები გაეცნენ.
გამოფენის პარალელურად, პარიზის გასტრონომიისა და სტუმართმასპინძლობის მენეჯმენტის სკოლაში (Le Cordon Bleu) ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია აღნიშნული სკოლის ენოლოგიისა და ღვინის მენეჯმენტის კურისის მსმენელებისთვის გამართა. აღნიშნული კურსის მსმენელები არიან მომავალი ექსპერტები, სომელიეები, ექსპორტ-იმპორტის სპეციალისტები, ბაიერები, ღვინის მწერლები; შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათთვის ქართული ღვინის გაცნობა.
მიმდინარე კვირაში, ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ცხრა მარანმა საკუთარი პროდუქცია პარიზში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Paris 2025“ წარმოადგინა.