MADRID FUSIÓN 2025-ზე საქართველოს კულინარიულ ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
ესპანეთში, მადრიდში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტროკონგრესი Madrid Fusión 2025 მიმდინარეობს. საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა წარდგენილი. ღონისძიებას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. კონგრესზე წარმოდგენილია ღვინის ეროვნული სააგენტო, რომელიც სტუმრებისთვის პრეზენტაციას ატარებს.
გასტროკონგრესზე საქართველოს 4 შეფმზარეული: გურამ ბაღდოშვილი, დავით ნარიმანიშვილი, დადუნა ღლონტი და ირაკლი თოდაძე წარადგენენ. გასრტოკონგრესზე წარმოდგენილია მადრიდში მდებარე ქართული რესტორანი ნუნუკა. ქართული რესტორნის წარმომადგენელი, შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და ცნობილი ქართველი შეფმზარეულები მულტიფუნქციურ სცენაზე მასტერკლასებს ატარებენ. შეფმზარეულები კონგრესის მონაწილეებს, კულინარიის საერთაშორისო ექსპერტებს ქართულ სამზარეულოს, მრავალფეროვან კერძებსა და ქართულ გასტრონომიულ ტრადიციებს აცნობენ.
საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული Show Kitchen მოეწყო.
3 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტროკონგრესზე ქართული კერძების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია იმართება.
„ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, რადგან ბევრი არ ვიცოდი ქართული კულტურის შესახებ. დღეს აღმოვაჩინე ახალი საქართველო, ქართული ღვინო. თქვენი წითელი ღვინო ძალიან ჰგავს ესპანურს. ძალიან მომეწონა ქართული ყველი, ხორცით მომზადებული კერძები. ქართული სამზარეულო ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა“, – ამბობს გასტროკონგრესის მონაწილე ბეატრი.
„ვფიქრობ Madrid Fusión-ზე საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრმა არ იცის ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ, რომელიც განსხვავებული გემოებით გამოირჩევა. ძალიან მომეწონა ხინკალი. ვფიქრობ ეს საქართველოს ძალიან კარგი წარდგენაა ამ ღონისძიებაზე, სამზარეულოს ჩვენება ყოველთვის კარგი აზრია, რომ გაიცნო ქვეყანა“, – ამბობს გასტროკონგრესის მონაწილე ალფრედო პარფონი.
გასტროკონგრესი Madrid Fusión 22 წელია იმართება, კონგრესს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 25 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს. საერთაშორისო კულინარიულ ღონისძიებაში 1800-ზე მეტი პროფესიონალი მონაწილეობს, სპიკერების რაოდენობა კი 180-ს აჭარბებს.