„ჩემი ცხოვრება არაორდინალური ნახტომებით და სიახლეებითაა სავსე“ – ორდიპლომიანი ტაქსისტი ქალი ნიუ-იორკში

რამდენიმე წინადადებით მისი ამბავი, ანუ „სთორი“ – ალბათ ასეთია: საქართველოში ორი პროფესია აითვისა. დღეს ოკეანის გადაღმა, ემიგრაციაშია. ვერ ეგუება ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრებას და სტატიკურ სიტუაციებს. თავისი ქვეყანა ძალიან უყვარს, მაგრამ ფიქრობს, რომ საკუთარ თავს ამერიკაში უფრო დაუახლოვდა…

პრესტიჟი მისთვის პირობითი ცნებაა, გადაწყვეტილებებს უფრო გულის კარნახით იღებს ხოლმე, ამიტომ ბევრს არ უკვირს, რომ დღეს, ნიუ-იორკში, ტაქსისტად მუშაობს. რაც მთავარია, საკმაოდ საინტერესო ბლოგერი სოცქსელებში ცნობადი პერსონაა. თეონა ჯიქიას ძალიან გულწრფელ, რეალისტურ – მხატვრულ ამბებს ბევრი მკითხველი ჰყავს. თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბარი მის უჩვეულო პერსონას ალბათ უფრო სხვა კუთხით გაგაცნობთ…

– თეონა, თავიდანვე გკითხავთ: რატომ მიიღო ამერიკაში გამგზავრების გადაწყვეტილება საქართველოში აქტიური ცხოვრებით გამორჩეულმა, თავის წრეში პოპულარულმა გოგომ? 

– ამერიკაში წამოსასვლელად გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე, მერე ასევე უცებ შევედი ამერიკის საელჩოში, სადაც ვიზა უპრობლემოდ მომცეს. ბევრი არ მიფიქრია, მეგობრებმა სასწრაფოდ ამაღებინეს ბილეთი და ნათელი მომავლის და ბედის საძებნელად ქვეყნის მეორე ბოლოში გამომიშვეს. რატომღაც ეგონათ, რომ მთელი ამერიკის მამრები მე მიცდიდნენ, რათა ოჯახი შეგვექმნა. თუმცა ამერიკაში ამ მისიით ნამდვილად არ წამოვსულვარ. თავად არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება ასე უცებ როგორ მივიღე, თანაც, ისე ჩამოვედი, რომ აქ არავინ მელოდა.

– მანამდეც ასე სპონტანურად იღებდით გადაწყვეტილებებს?

– ჩემი ცხოვრება არაორდინარული ნახტომებით და სიახლეებითაა სავსე. ეს პროფესიაშიც გამოვლინდა. რამდენიმე წელი ღუდუშაურის კლინიკაში მეან-გინეკოლოგად ვიმუშავე. მერე მივხვდი, რომ ასეთი სტრესული სიტუაციები ჩემი არ იყო. ამიტომ კვალიფიკაცია შევიცვალე, ეკონომიკის სფეროში გადავინაცვლე და ბუღალტერი, ფინანსისტი გავხდი. აი, ასეთი ნახტომი გავაკეთე პროფესიაში.

– როგორც ბლოგერს საქართველოდან შორს მყოფს უფრო გაგიადვილდათ გულწრფელი ყოფილიყავით?

– მართალია, დაკომპლექსებული ადამიანი არ ვარ, მაგრამ სავარაუდოდ, იქ ამას ვერ შევძლებდი. ჩემს სამეგობრო წრეში ყველა წამოწყების სულისჩამდგმელი მე ვიყავი. თუმცა დიდ აუდიტორიაზე იქ ვერ და არ გავიდოდი.

– რა აღმოგაჩენინათ ამერიკამ საკუთარ თავში?

– ამ კითხვაზე მარტივად გიპასუხებთ – ამერიკამ საკუთარ თავში – საკუთარი თავი აღმომაჩენინა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე აქ მე და ჩემი „მე“ ერთმანეთის პირისპირ მარტო დავრჩით. აქ მასთან უფრო დავმეგობრდი და ერთმანეთი უფრო შევიყვარეთ. ამერიკამ მომცა შინაგანი თავისუფლება, რაც ბუნებრივია, ჩემში მანამდეც იყო, მაგრამ ფრთებს ვერ ვშლიდი. ამ ქვეყანაში უფრო გავიხსენი და ეს თავისუფლება სოცქსელებში, პოსტებითა და „ლაივებით“ გამოვხატე. სხვათა შორის, სულ ვფიქრობდი: ნეტავ, აქ რა მინდოდა მეთქი და თქვენმა კითხვამ ამაზე სრული პასუხი გამაცემინა…

– რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ტაქსის მძღოლად დაგეწყოთ მუშაობა?

– საქართველოში ძალიან ბევრ ადგილზე მიმუშავია, მაგრამ მანამდე მსგავსი რამ არც მიფიქრია. ამერიკაში ჩამოსულმა ტაქსის მძღოლობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ აქ შენი განათლება, დიპლომები და ცოდნა არავის აინტერესებს. ერთ სივრცეში გამოკეტილი სამსახური კი ჩემთვის მძიმე ასატანია. შემოსავლის და თავისუფალი გრაფიკის გამო, ტაქსისტობა ყველაზე იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა. თანაც, აქ არ გყავს უფროსი და ანგარიშვალდებული არავისთან ხარ. თანხა მუშაობის დაწყებისთანავე გერიცხება. მიუხედავად იმისა, რაც გითხარით, ტაქსისტობა ძალიან რთული, სახიფათო და ბევრ რისკთან დაკავშირებული სამუშაოა.

– რამდენად მალე შეისწავლეთ ნიუ-იორკის ქუჩები?

– რაც შეეხება, ნიუ-იორკის ქუჩებს, ჩემდა სამარცხვინოდ ვიტყვი, რომ დღეს, აქაურობა გაცილებით უკეთ ვიცი, ვიდრე  თბილისის ქუჩები, რომელიც ახლა თურმე ძალიან გადაკეთებული და შეცვლილია. ასეთი პარადოქსებითაა სავსე ცხოვრება.

– თბილისში, როგორც წესი, ტაქსის მძღოლები მგზავრებთან ურთიერთობას იწყებენ სიტყვებით: „მე ყოველთვის ტაქსის მძღოლი კი არ ვიყავი, ორი დიპლომი მაქვს“- ნიუ-იორკში როგორაა საქმე?

– მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობაში კომპლექსები არ მაქვს, მგზავრებთან საუბარს პირველი არასოდეს ვიწყებ, მაგრამ თუ კონტაქტური მგზავრი მხვდება და საუბარს წამოიწყებს, ავყვები ხოლმე. აქ თითქმის ყველა გეკითხება: საიდან ხარ? შემდეგ კი, როცა პროფესიაზე ჩამოვარდება სიტყვა, ჩემს ამბავს ვყვები, რომ ორი დიპლომი მაქვს – ექიმის და ფინანსისტის, რაზედაც ისინი შოკში ვარდებიან, რადგან ამ პროფესიების წარმომადგენლები ამერიკაში საკმაოდ მაღალ ფენას მიეკუთვნებიან. ასე რომ, აქაც თამამად შემიძლია მგზავრებს გამოვუცხადო, რომ ყოველთვის ტაქსტისტი კი არ ვიყავი, ორი დიპლომი და ძალიან ბევრი სერტიფიკატი მაქვს!..

– ვიცი, რომ ტაქსისტი ქალის ისტორიების წიგნად აკინძვა გინდათ, ახლა ხომ არ გახსენდებათ რაიმე ამბავი ამ “სერიიდან“?

– ჯერ გეტყვით, რომ აქაური ქუჩები ერთ თვეში შევისწავლე. ფაქტობრივად, პრობლემა აღარ მქონდა. დღეს სხვა შტატებშიც მიწევს  გადასვლა. როცა ტურისტულად ჩამოსული მგზავრი მყოლია, მისთვის გიდობაც გამიწევია. ახლა უცებ ერთი ისტორია ამომიტივტივდა. ერთხელ 80 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩამიჯდა სამ ახალგაზრდა გოგოსთან ერთად. როგორც გავარკვიე, მისი შვილიშვილები იყვნენ. საყვარელ ბაბუას, რომელმაც ისინი გაზარდა დიდი სიყვარულით და სითბოთი ექცეოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ აქ ოჯახურ ტრადიციებს პატივს სცემენ, ასეთი ურთიერთობა მაინც უჩვეულო ამბავი იყო. კიდევ დამამახსოვრდა ქალბატონი, რომელიც ბავშვობის მეგობარმა ქორწილში დაპატიჟა. იმ კაცმა ეს ქალი ცოლად არ მოიყვანა და ისიც მის დასასჯელად თურმე ოთხჯერ გათხოვდა, მოკლედ, გულწრფელად გამანდო თავისი სიყვარულის ამბავი. აი, ასეთ ისტორიებსაც ვისმენ ხოლმე…

– როგორია შორიდან დანახული სამშობლო?

– როცა სიტყვა სამშობლოს ვკითხულობ – ეგრევე ისტერიკა მეწყება და ცრემლებს ვერ ვიკავებ. შორიდან დანახული სამშობლო შესაძლოა, ცოტა რეალობასაა აცდენილი. სასწაული მონატრების და ნოსტალგიის გამო, ჩემი სამშობლო ყველაზე ლამაზი, ფერადი და სასურველია, თავისი პრობლემებითა და  არაკეთილისმსურველებით, ყველაზე თბილი, არავისი მსგავსი და ძალიან ჩემი…

 

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები