ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მასწავლებლის საერთაშორისო ჯილდო დიასპორული განათლებისთვის – “სპექტრში” პრეზენტაცია გაიმართა
მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს“ ორგანიზებით საქართველოში იმართება ორდღიანი ღონისძიება „ქართული ენისა და კულტურის ელჩები საზღვარგარეთ“.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიება ეძღვნება საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ პედაგოგებსა და მათი ღვაწლის აღიარებას, უდიდეს წვლილს, რომელიც შეაქვთ ქართული ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში.
მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“ დაარსდა 2020 წელს. არის მსოფლიოს 24 ქვეყნის ქართული საკვირაო სკოლებსა და კულტურის ცენტრებში მოღვაწე მასწავლებელთა გაერთიანება.
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი სულიერი მოძღვრები და მასწავლებლები ეწევიან დიდ ეროვნულ, თუმცა უხმაურო ღვაწლს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს ღვაწლი ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის დარია. ექვთიმეს მსგავსად, ისინიც ეძებენ, კრებენ და საქართველოში დასაბრუნებლად ამზადებენ ქართულ გენოფონდს, სულიერ განძს. შესაბამისად ასოციაციამ დააარსა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მასწავლებლის ჯილდო დიასპორული განათლებისთვის.
ჯილდოს დებულების პრეზენტაცია გაიმართა საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში”.
დიასპორის საკვირაო სკოლის მასწავლებლები გაეცნენ პროფესიული სასწავლებლის ლაბორატორიას.
მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს“ პრეზიდენტმა ირინე ჯგერენაიამ და კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს დიასპორაში მყოფი ოჯახის წევრების, საქართველოში მცხოვრები ბავშვების ჩართულობას პროფესიის დაუფლებაში.
ასოციაციის ინიციატივით მადლობის დიპლომებით დაჯილდოვდნენ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე მასწავლებლები.
10 სექტემბერს, 19:00 საათზე კი გაიმართება დოკუმენტური ფილმის „მგზავრი წერილებით“ პრემიერა (რეჟისორი: ნიკოლოზ ხომასურიძე) და მასწავლებლის საერთაშორისო ჯილდოს – „ექვთიმე თაყაიშვილის ჯილდო დიასპორული განათლებისთვის”, – პირველი ნომინანტების გამოვლენა.