ცნობილმა ფრანგმა მეცნიერმა, მარი ბროსემ, საქართველოში პირველი მოგზაურობისას თერთმეტი თვე დაჰყო

ცნობილმა ფრანგმა მეცნიერმა, მარი ბროსემ, საქართველოში  პირველად 1847-1848 წლებში იმოგზაურა. მას, ჩვენს ქვეყანაში,  ქრისტეფორე მამაცაშვილთან, გიორგი ერისთავთან, პლატონ იოსელიანთან და სხვებთან ერთად, ილიას სიმამრი – თადეოზ გურამიშვილიც მასპინძლობდა.

ამ მოგზაურობისას ბროსემ საქართველოში თერთმეტი თვე დაჰყო.

თითქმის ნახევარი საქართველო მოიარა, გაეცნო ქართულ სიძველეებს, სიგელ-გუჯრებს… მარტყოფში ყოფნისას, სრულიად შემთხვევით, გადააწყდა თავის ქუთაისელ ნაცნობს ნიკოლოზ ქუთათელაძეს, რომელთანაც წლების განმავლობაში მიწერ-მოწერა ჰქონდა გაჩაღებული… გააოგნა იყალთომ და ალავერდმა. კახეთში რაფიელ ერისთავის მამა, დავით ერისთავი გაიცნო, რომელმაც უცხოელი სტუმარი შინ მიიპატიჟა. ბროსე აღტაცებაში მოიყვანა რაფიელის დის – ანას განსწავლულობამ. “ეს მშვენიერი ქალი ქართული ლიტერატურის მშვენიერ ცოდნას ამჟღავნებს, მას მშობლიურ ენაზე წაუკითხავს იმ წიგნთა დიდი უმრავლესობა, რომელთაც კი გაუვლია ჩემს ხელში, იგი არა მარტო კარგად იცნობს მათ, არამედ შესანიშნავადაც მსჯელობს წაკითხულის შესახებ.” – წერდა მეცნიერი მოგვიანებით. არანაკლებ განუცვიფრებია თავად რაფიელ ერისთავს, რომელიც მოგზაურს, გაცნობის შემდეგ, მეგზურობასაც უწევდა და, ამა თუ იმ, მისთვის საინტერესო საკითხის შესახებ, საყურადღებო ცნობებსაც აწვდიდა. მარი ბროსე შესწრებია რაფიელის სიტყვას, რომელიც მას ლეკებთან შეტაკებაში მოკლულ მიხეილ ანდრონიკაშვილის დაკრძალვაზე წარმოუთქვამს. სტუმარი თურმე გაკვირვებული უსმენდა საოცარ ორატორს და შემდეგაც მუდამ აღნიშნავდა, რომ ასეთი მოსაუბრე მრავლისმნახველ ქართველოლოგს იშვიათად შეხვედრია. რაფიელი ბევრს ესაუბრებოდა ბროსეს საქართველოს წარსულზე, პატარა რუკაც კი შეადგინა მისთვის. განსაკუთრებით დაინტერესდა ერისთავების გენეალოგიით, მათი კახეთში გადასვლის ისტორიით. პასუხებს, რა თქმა უნდა, ზუსტს და საინტერესოდ გადმოცემულს იღებდა… მოგვიანებით, სასიამოვნოდ იგონებდა იმ დღეებს და თავის საოცარ მეგზურს – რაფიელ ერისთავს.

საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ბროსემ სამ წიგნში მოუყარა თავი, ფრანგულ ენაზე შვიდ ტომად გამოსცა “ქართლის ცხოვრება”, ასევე ფრანგულად თარგმნა ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს გეოგრაფია, დაწერა ნარკვევები საქართველოს ისტორიაზე, არქეოლოგიაზე, ნუმიზმატიკაზე, პეტერბურგის უნივერსიტეტში დააარსა ქართული სიტყვიერების კათედრა და მეორედ დაბეჭდა “ვეფხისტყაოსანი”, რომელზედაც წინასიტყვაობაში წერდა: “წიგნი ესე უებარი და უამხანაგოა და მისი უმჯობესი ევროპაშიც ბევრი არ მოიძებნება”…

მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები