საქართველო-რუმინეთის 300 წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავად, რუმინელმა ალპინისტებმა კავკასიონის მწვერვალები დალაშქრეს
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, დან ნეკულაესკუმ რუმინეთის მთასვლელთა და მეკლდეურთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მარიუს განე და რუმინელი ალპინისტები, თეოფილ ვლადი და რომეო პოპა მიიღო, რომლებმაც სექტემბერში, საქართველოში კავკასიონის მწვერვალები თიკანაძე და კამერონი დალაშქრეს. მათ ეს ასვლები საქართველო-რუმინეთის 300 წლოვან ურთიერთობებს მიუძღვნეს.
აღსანიშნავია, რომ მთასვლელებს განზრახული ჰქონდათ საქართველოს უმაღლესი მწვერვალის, შხარას დალაშქვრაც, რასაც ხელი უამინდობამ შეუშალა. მიუხედავად ამისა, მთასვლელებმა 4000 მეტრის სიმაღლეზე ასვლა მაინც შეძლეს.
სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა მთასვლელებს რუმინულ-ქართული ურთიერთობების წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის და აღუთქვა მხარდაჭერა სამომავლოდ, საქართველოსთან მსგავსი პროექტების განხორციელებაში.
პროექტი განხორციელდა რუმინეთში საქართველოს საელჩოს, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მხარდაჭერით.