ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადის ვიცეჩემპიონია
ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი მოუტანა – იგი პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ილია სულამანიძეს (100 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებას ერთი გამარჯვება აშორებდა. მან ნახევარფინალში შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში იპონით დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში იასპარეზა. ფინალში იგი მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა, დასანანი მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ ილია სულამანიძემ პირველ შეხვედრაში იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, მეოთხედფინალში კი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი – იაპონელი აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა.
23 წლის ილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპამდე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალი იყო: 30 ივლისს ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.