ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოში საკუთარ პროგრამებს განახორციელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ვებსტერის უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, საქართველოში ბიზნესის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიებისა და სხვა დარგებში საკუთარ პროგრამებს განახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის ჩამოყალიბება, რაც საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს.
,,აშშ-სა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მოზიდვა განათლების კომპლექსური რეფორმის პრიორიტეტია, რაც საქართველოს რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბად აქცევს. ვებსტერის უნივერსიტეტის პროგრამები მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში ხორციელდება, როგორებიცაა: ავსტრია, ჰოლანდია, შვეიცარია და საბერძნეთი.
თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორში, ქვეყნის ეკონომიკური ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციალური პროგრამების შემუშავება და განვითარება; უმაღლესი განათლების სფეროს სხვადასხვა პროგრამის შემუშავებაში უცხოელი ექსპერტებისა და ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება და სხვა“, – ნათქვამია სამინისტოს განცხადებაში.