ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერისგან პოლონელი ფოტოგრაფის ჰენრიკ ფილიპოვიჩის უნიკალური ფოტოალბომები შეიძინა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერისგან შეიძინა პოლონელი ფოტოგრაფის ჰენრიკ ფილიპოვიჩის უნიკალური ფოტოალბომები, რომლებშიც ფოტოგრაფის 1000-ამდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ფოტოალბომები 1881, 1888 და 1891 წლით თარიღდება.
ეროვნული ბიბლიოთეკა გეგმავს ჰენრიკ ფილიპოვიჩის ფოტოალბომის განახლებული ვერსიის გამოცემას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ფოტოხელოვანის ფოტოებიც და ბიოგრაფიაც.
„ჰენრიკ ფილიპოვიჩს ერთ-ერთი ფოტოატელიე თბილისში ჰქონდა და მისმა ფოტოკოლექციამ არაერთი ქართველის, მათ შორის ტერეზა ჩიჩუა-შერვაშიძის, პატარა რუსუდან ნიკოლაძის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის და სხვათა ფოტოები შემოგვინახა.
ამჟამად მიმდინარეობს ფილიპოვიჩის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ცნობების შეგროვება, რასაც აქტიურად უწყობს ხელს თბილისში არსებული პოლონური ინსტიტუტი და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში”, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.