ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 53-ე გენერალური ასამბლეა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა  ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გალა დაჯილდოების ცერემონია.

წლევანდელ წელს პირველად დაწესდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ყოფილი პრეზიდენტის, გამორჩეული სპორტის მოღვაწის იანეშ კოჩიანჩიჩის  სახელობის სპეციალური ჯილდო ევროპული თამაშების საუკეთესო ქალი და მამაკაცი სპორტსმენებისთვის.

2023 წლის მესამე ევროპული თამაშების საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა და იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის სპეციალური ჯილდო გადაეცა ოლიმპიურ ჩემპიონს,  ევროპის ჩემპიონს და მესამე ევროპული თამაშების გუნდურ ჩემპიონს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს. აღნიშნული ჯილდო  ოლიმპიურ ჩემპიონს გადასცეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და  ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა.

ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი სპორტული ღონისძიებაა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდით ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, მასში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობას იღებს 7000 მდე სპორტსმენი.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პირები.

რაც შეეხება, საუკეთესო ქალი სპორტსმენის ჯილდოს, იტალიელ ტყვიის მსროლელ ჯესიკა როსის ერგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები