ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი წარმატებით გაიხსნა

ლევილის ისტორიული მამული ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს.

ფესტივალი 24 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება საქართველოდან ემიგრირებული მთავრობის მიერ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში შეძენილ მამულში, რომელიც საქართველოს საკუთრებად 2016 წელს გადმოეცა. საფესტივალო ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.

ფესტივალზე დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.

ქართული ფესტივალის პირველ დღეს – მოეწყო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების, მომავალი მოქანდაკეების, ნამუშევრების წარდგენა ლევილის მამულის პარკში; ხის ოსტატებმა – ნინო კოპელაშვილმა (თბილისი) და რესან ჟოჟაძემ (აჭარა) – მასტერკლასები გამართეს;  ფესტივალის სტუმრების წინაშე წარდგნენ საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი და ცნობილი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი;  ჩატარდა მსოფლიოს დიდოსტატის, ნონა გაფრინდაშვილის, მასტერკლასი ჭადრაკში – ოთხ დაფაზე; ცხინვალის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „მარო მაყაშვილის დღიური“ (რეჟ. გოჩა კაპანაძე). პირველი საფესტივალო დღე ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდა.

 ფესტივალის სტუმრებისთვის კომპანია ,,ფაფანაკმა“ წარმოადგინა ტრადიციული ქართული სამოსი –  საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ქალისა და მამაკაცის  ტანსაცმელი მრავალფეროვანი   მორთულობითა და  ატრიბუტიკით.

ფესტივალის პირველ კვირაში ასევე გაიმართება ევროპის ჩემპიონის, კესარია მგელაძის, მასტერკლასი ჭადრაკში. ფესტივალის სტუმრები ასევე შეხვდებიან ქართველ მორაგბეებს – გიორგი ნემსაძეს, გიორგი მელიქიძეს, სერგი აბრამიშვილს, ვასილ კაკოვინს, გიორგი ცუცქირიძეს, გურამ გოგიჩაშვილსა და გიორგი ხარაიშვილს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი ბოლო ათეული წლის მანძილზე პირველად აღინიშნება ასე მასშტაბურად  ლევილის მამულში.

წელს, გასულ წელთან შედარებით, ლევილის ფესტივალის მასშტაბი, ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია. ფესტივალში მონაწილეობენ შემოქმედებითი ჯგუფები, კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები საქართველოდან, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან. ორი თვის მანძილზე, სხვადასხვა დროს, ლევილში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება და იქ ქართველი და უცხოელი მაყურებლისათვის წარმოდგენებს გამართავს.

საფრანგეთში ქართულ დიასპორასა და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ თანამედროვე ქართულ თეატრალურ წარმოდგენებს, ქართული ესტრადის, ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის კონცერტებს, ლიტერატურულ საღამოებს, გამოფენებს, სამეცნიერო დისკუსიებს; მოეწყობა შეხვედრები მწერლებსა და ხელოვანებთან. ასევე, გაიმართება სპორტული ღონისძიებები და მასტერკლასები, რომლებშიც მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობის ლეგენდარული წარმომადგენლები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები