საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იტალიელი ჟურნალისტები ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიის წამყვანი მაუწყებლის Rai -ს, TV Seria A-ს და გამოცემა Il Sole 24 Ore -ის წარმომადგენლებს მასპინძლობს. გავლენიანი იტალიური მედიის ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების, მესტიაში მიმდინარე ფრირაიდის მსოფლიო ტურისა და თბილისის შესახებ რეპორტაჟებს, სიუჟეტებსა და სტატიებს ამზადებენ. იტალიელი ჟურნალისტები მესტიაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ–გიზს“ დაესწრებიან.

„საქართველოს შესახებ ძალიან ცოტა ვიცოდი, თუმცა ეს ქვეყანა ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენით გავიცანი. ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა, მე თვითონ ნეაპოლიდან ვარ და კვარაცხელიას გამო გადავწყვიტე უკეთ გამეცნო საქართველო, რომელიც ევროპული ქვეყანაა და იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას. მე საქართველოს გავაცნობ იტალიელებს, ამ ქვეყნის ტურისტულ ადგილებს, ზამთრის კურორტებსა და კულტურას“, – ამბობს გამოცემა Il Sole 24 Ore -ის ჟურნალისტი მარკო ბელინაციო.

„საქართველოში უკვე მეოთხედ ვარ, ახლა სვანეთში ვარ და ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. იტალიაში ძალიან ბევრი სათხილამურო კურორტი და ადგილია, მაგრამ სვანეთში გამორჩეული, პროფესიონალური და ძალიან მოსახერხებელი სათხილამურო ტრასებია. დიდი სიამოვნებით ბევრჯერ ჩამოვიდოდი საქართველოში“, – აცხადებს ტურის მონაწილე ალესანდრო ალკატო.

„აქ ჩამოვედი, რომ ვუთხრა იტალიელებს თუ როგორი ლამაზია საქართველო. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეები მაქვს, მოვხვდი სვანეთში, ულამაზეს კუთხეში, სადაც საოცარი სათხილამურო ადგილები და ფანტასტიკური მთებია, აქ ნამდვილი ბუნებაა. ვისაც თხილამურები უყვარს მათ ვეტყვი, რომ საქართველოს აუცილებლად ეწვიონ“, – აცხადებს ტურის მონაწილე მიქელო პერელოტი.

პრესტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია იტალიასა და ევროპის ქვეყნებში. Rai -ს 20 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს და 174 ქვეყანაში მაუწყებლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები